კატალონიური გამოცემა „სპორტი” წერს, რომ ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონას” მიერ პრაღის „სლავიასთან” ნათამაშები 0:0 ლა ლიგის ბოლო ტურში ნაწვნევი 1:3-ის გაგრძელება და მორიგი დამთრგუნველი შედეგია.

„ბლაუგრანას” რასაკვირველია შეეძლო მოგება. რასაკვირველია, ჰქონდა მომენტები — ერთ ეპიზოდში ლეო მესიმ ძელს გაარტყა ბურთი, მეორეში შესანიშნავად ითამაშა მეკარე ონდრეი კოლარმა, არტურო ვიდალმა სულაც გაიტანა, ოღონდ ოფსაიდის გამო არ ჩაუთვალეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არისო, წერს „სპორტი”. „ბარსელონა” „სლავიას” დონის გუნდებს დამაჯერებლად უნდა უგებდეს, ფრის ზღვარზე ნერვიულად კი არ უნდა ეთამაშებოდესო.

„ბარსა” F ჯგუფში მაინც პირველ ადგილზეა, მაგრამ კრიტიკულად განწყობილ კატალონიურ გამოცემას ეს არ აკმაყოფილებს და წერს:

„ის რომ ლეო მესიმ 2015 წლის აპრილის შემდეგ, „კამპ ნოუზე”, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ შეხვედრაში პირველად ვერ გაიტანა გოლი, შემთხვევითობა არ არის. მას თანაგუნდელები ვერ ეხმარებოდნენ”.

„სპორტმა” ჟერარ პიკეც გვარიანად აკრიტიკა.