შესანიშნავი 2019 წელი ჰქონდა ეშლი ბარტის, რომელიც იდეალურად დაასრულა. 23 წლის ავსტრალიელი ჩოგბურთელისთვის სეზონის გვირგვინი შენჟენში გამართული ქალთა შემაჯამებელი ტურნირი გახლდათ, სადაც მან საჩოგბურთო სამყაროს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ რეიტინგის სათავეში შემთხვევით არ იმყოფება.

რა თქმა უნდა, 23 წელი ადამიანის ცხოვრებაში დიდი ასაკი არ არის, მაგრამ სპორტსმენისთვის და განსაკუთრებით ჩოგბურთელისთვის ცოტააო, ნამდვილად ვერ ვიტყვით. თუ ნიჭიც თან დაგყვა და შრომაც არ გეზარება, ხმაურიანი გამარჯვებები არ დაახანებს.

ეშლი ბარტის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მისი პროფესიონალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და უმაღლესი მწვერვალისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. 6 წლის შემდეგ კი პირველი დიდი სლემის ტურნირიც მოიგო და მსოფლიოს პირველი ჩოგანიც დამსახურებულად გახდა. ჩინეთის ქალაქ შენჟენში კი წარმატებულ სეზონს მარილი მოაყარა – შემაჯამებელი ტურნირი მოიგო.

ისიც სათქმელია, რომ WTA-ს წლევანდელი შემაჯამებელი ბარტისთვის სადებიუტო გახლდათ, ფინალში კი მან ელინა სვიტოლინას ორ სეტში – 6:4, 6:3 აჯობა. ადრეც გითხარით, რომ უკრაინელი ჩოგბურთელი ტურნირის მოქმედი ჩემპიონი იყო და შარშანდელი შედეგის გამეორებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. რა თქმა უნდა, სვიტოლინას ძალიან სურდა იგივე სიხარულის განცდა და სეზონის მაჟორულ ნოტაზე დასრულება, ტურნირიც დამაჯერებლად ჩაატარა, ფინალშიც ბევრს ეცადა, მაგრამ ის ერთი ნაბიჯი ბარტიმ აღარ გადაადგმევინა.

ეშლი ბარტიმ რეიტინგში პირველობა ხომ შეინარჩუნა და დამატებიტ საბანკო ანგარიშიც 4,65 მილიონი დოლარით შეივსო. საერთო საპრიზო ფონდი კი 14 მილიონი გახლდათ, რაც ქალთა შორის შემაჯამებელი ტურირების მანძილზე სარეკორდო თანხაა.

მაიამის მასტერსი, როლან გაროსი, ბირმინგემის პრესტიჟული შეჯიბრი და შემაჯამებელი ტურნირი – ასეთია ეშლი ბარტის მონაგარი 2019 წლის საჩოგბურთო სეზონში.

წილი
წინა სტატიაგოგა თავიდან
შემდეგი სტატიაკუმანის პუნქტი
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...