საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე, სადაც ვარჯიშობს საქართველოს 2019 წლის სუპერთასის მფლობელი და სუპერლიგის მონაწილე გუნდი „ცხუმ-აფაზეთი“ ქართველი კინორეჟისორის, საქართველოს კინოაკადემიის წევრის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმის „ქართული კალათბურთის“ ჩვენება შედგა. ამის შესახებ გუნდი “ცხუმ-აფხაზეთის” პრეს-სამსახური იუწყება.
ჩვენებას დაესწრნენ „ცხუმ-აფხაზეთის” კალათბურთელები (მათ შორის გუნდის 4 ამერიკელი ლეგიონერი), მწვრთნელები და ადმინისტრაცია, თავად რეჟისორი გოგი თორაძე, ფილმის სცენარის ავტორი, საქართველოს დოკუმენტური ფილმების კინოსტუდია „მემატიანეს“ მთავარი რედაქტორი, კინოსცენარისტი ნონა ღამბაშიძე და ამ ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია.
ჩვენების წინ თენგიზ პაჭკორიამ წარადგინა ფილმის რეჟისორი, აღნიშნა, რომ გოგი თორაძე არის 30-ზე მეტი დოკუმენტური, სატელევიზიო, მოკლემეტრაჟიანი თუ მხატვრული ფილმის ავტორი, მათ შორის 15 ფილმი სპორტის თემაზე – „ფეხბურთის პროფესორი“ (ალექსანდრე ჩივაძეზე), „ქართული ფეხბურთი“ , „ოვალური ბურთი“, „კომენტატორი“( კოტე მახარაძეზე ), „სნაიპერი“ (ნინო სალუქვაძეზე ), „ქართული კალათბურთი“, “ქართველი მორკინალები“ (ჭიდაობაზე ) და ასე შემდეგ.
წარმოდგენილი ფილმი „ქართული კალათბურთი“ არის ნეაპოლის საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი, გოგი თორაძის ფილმი „ჩვენი ფეხბურთი“ გახდა მილანისა და ტაშკენტის სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი. 2018-2019 წლებში 6 ქვეყანაში ( ყაზახეთში, ლატვიაში, მოლდოვაში, უკრაინაში, პორტუგალიასა და ბელარუსში) ჩატარდა გოგი თორაძის სპორტულ თემაზე გადაღებული ფილმების პრეზენტაციები, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი თენგიზ პაჭკორია, საქართველოსა და ზემოაღნიშნული ქვეყნების შესაბამისი ფედერაციებისა და ამ ქვეყნებში საქართველოს საელჩოების მხარდაჭერით. ფილმების ჩვენების მიზანია ქართული სპორტის ისტორიის პოპულარიზაცია.
ფილმის „ქართული კალათბურთის“ სცენარის ავტორები არიან ნონა ღამბაშიძე და აკაკი გვიმრაძე, კონსულტანტები ჯამლეტ ხუხაშვილი და როლანდ ხომერიკი, პროდიუსერი რევაზ მახათაძე, ოპერატორი თეიმურაზ სულაბერიძე. შექმნილია ამ ფილმის ქართული, ინგლისური და რუსულენოვანი ვერსიები.
გოგი თორაძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ თითქმის ორი წელიწადი სხვადასხვა ქვეყანაში აგროვებდა მასალებს ხსენებული ფილმისთვის და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად (2013 წ.) გადაიღო ფილმი, რომელშიც უნიკალურ საარქივო ფოტო და კინო მასალაზე დაყრდნობით გადმოცემულია ქართული კალათბურთის თითქმის საუკუნოვანი ისტორია. მან განაცხადა, რომ ფილმში განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი ქართული კალათბურთის ტრიუმფალურ გამარჯვებას 1962 წელს, როდესაც თბილისის დინამოელებმა ჟენევაში მადრიდის „რეალი“ დაამარცხეს ანგარიშით 90:83 და ევროპის ჩემპიონთა თასი– იმ პერიოდისთვის კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული მოიპოვეს. ფილმში ნაჩვენებია თბილისის დინამოელთა სსრკ ჩემპიონობის (1950, 1953, 1954 და 1968 წ.წ.) ამსახველი კადრები, სახელოვანი ქართველი კალათბურთელების წარმატებული გამოსვლები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე ოლიმპიურ თამაშებზე. დიდი ყურადღება ეთმობა ჩვენი კალათბურთის განვითარებას და მიღწევებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენი კალათბურთელების გამოსვლა NBA-ს კლუბებში ( ვლადიმერ სტეფანია, ზაზა ფაჩულია, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, თორნიკე შენგელია), საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოსვლას ევროპის ჩემპიონატებზე.
ფილმის ჩვენების შემდეგ „ცხუმ-აფხაზეთის“ პრეზიდენტმა და მთავარმა მწვრთნელმა ზვიად ანთაძემ გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა გოგი თორაძეს, ნონა ღამბაშიძეს და თენგიზ პაჭკორიას ამ საინტერესო ღონისძიების ჩატარებისთვის. ზ.ანთაძემ აღნიშნა, რომ მან თვითონ და გუნდის წევრებმა ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს, იხილეს ქართული კალათბურთის ისტორიის საყურადღებო და წარმატებული ეპიზოდები.