„რეალმა” „ბარსელონას” მოულოდნელი წაგებით ვერ ისარგებლა და ლა ლიგის ცხრილს სათავეში ვერ მოექცა. „თეთრებმა” „ბეტისთან” შინ 0:0 ითამაშეს.

მადრიდელებმა მე-10 წუთზე გოლი კი გაიტანეს, ეს ედენ აზარმა მოახერხა, მაგრამ ვიდეორეფერიმ არ ჩათვალა. მიზეზი: ოფსაიდი.

ამრიგად, „რეალი” და „ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილს 22-22 ქულით ლიდერობენ. კატალონიური გუნდი გოლების უკეთესი სხვაობის გამო მაინც პირველ ადგილზეა.

მატჩის შემდეგ მადრიდელთა კაპიტანმა სერხიო რამოსმა თქვა: „დღეს სხვა თამაშები ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდა. შეგვეძლო ცხრილს სათავეში მოვქცეოდით, მაგრამ ვერ შევძელით. ამიტომ, „ბეტისთან” თამაშმა ტკბილ-მწარე გემო დაგვიტოვა. ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგად იბრძოლა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ვერ ვივარგეთ და ამის გამო დავისაჯეთ”.

„ლოს ბლანკოსის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანიც იმავე აზრისაა: „ ჩინებული იყო ჩვენი რიტმი, ინტენსივობა და ყველა სხვა საფეხბურთო კომპონენტი. ერთადერთი, მეტოქის კარში გოლი ვერ შევაგდეთ. პირველივე წუთიდან ვქმნიდით საგოლე მომენტებს, მაგრამ ბურთი არა და არ შევიდა ბადეში”.

ამ შეხვედრაში ზიდანის განკარგულებაში არ იყვნენ გარეთ ბეილი და ხამეს როდრიგესი, რომლებმაც „სანტიაგო ბერნაბეუ” თამაშის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე დატოვეს. ნუთუ არ აინტერესებდათ რას იზამდა მათი გუნდი ბოლო 10 წუთში?

აღსანიშნავია, რომ ბეილი ასეთ საქციელზე პირველად არ გამოუჭერიათ. თან მის სტადიონიდან გასვლას ყოველთვის აფიქსირებს პრესა და მერე ტყდება ხოლმე ერთი ამბავი. ნუთუ ვერ ხვდება, რომ ჯობს სხვანაირად მოიქცეს? თუნდაც საცობში მოყვეს ან სულაც დაიცადოს სანამ საცობი გაიწოვება?

გამოდის, რომ „რეალის” ფეხბურთელთა ნაწილს თუ თვითონ არ თამაშობს, შედეგი არ აინტერესებს.