„ბარსელონამ” „ლევანტესთან” 1:3 წააგო. ამ მწარე დამარცხების შემდეგ, ჟურნალისტებმა მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს გადადგომაზე ჩამოუგდეს სიტყვა. ბასკმა უპასუხა, რომ „ბარსას” დატოვებას არ აპირებს.

„გადადგომაზე არ ვფიქრობ, — თქვა ვალვერდემ, — ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რა მოხდა და საკუთარ თავს ვკითხოთ რატომ დაგვემართა ეს”.

„ბლაუგრანასთვის” მიმდინარე ჩემპიონატში ეს გახლდათ მესამე დამარცხება „კამპ ნოუს” გარეთ, სტუმრად.

ესპანეთის ჩემპიონის ახალწვეული ანტუან გრიზმანი კი დაბნეული ჩანდა. Movistar-თან ინტერვიუში მან თქვა:

„არანაირი ახსნა არ გვაქვს. უნდა შევისწავლოთ რა გავაკეთეთ არასწორად და შეცდომების გამოსასწორებლად მუშაობა დავიწყოთ. ამწუთას ვერც კი გეტყვით პრობლემა ფეხბურთშია, საქმისადმი დამოკიდებულებაში თუ ყველაფერში ერთად. ათ წუთში სამი გოლი გავუშვით… ეს რასაკვირველია საფეხბურთო შეცდომების ბრალია, მაგრამ… ალბათ, კიდევ ბევრი რამ არის შუაში. ისე, ფეხბურთში ასეთი რაღაც შიგადაშიგ ყველას ემართება”.

გრიზმანმა საკუთარ თავზეც ილაპარაკა: „პირადად მე თავს ჩინებულად ვგრძნობ. ახალ გუნდში რომ გადადიხარ, მის ტაქტიკას თანდათან უნდა შეეწყო. დიეგო სიმეონემ მასწავლა, რომ მე აქ გუნდის დასახმარებლად მოვდიოდი. სულერთია პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ თუ სირთულეებისთვის თავის დასაღწევად, მე გუნდს უნდა დავეხმარო”.

სერხიო ბუსკეტსი: „მომხდარს ვერაფრით ავხსნი. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რთული თამაში იყო, რაც ტაბლოზე აისახა. მეტოქეს მეორე ტაიმში ათწუთიანი აფეთქება ჰქონდა, რამაც ჩვენთვის თამაშის მოგება შეუძლებელი გახადა. ასეთი შეხვედრები გამონაკლისია. დავმარცხდით, მაგრამ რასაც გეგმაზომიერად ვაკეთებდით, უნდა განვაგრძოთ”.