ჯერ შევაჯამოთ:
? რაგბის მსოფლიო თასის მეცხრე გათამაშებაც დასრულდა. ცხრიდან სამჯერ გამარჯვებული სამხრეთ აფრიკა გახდა, რითაც გაუთანაბრდა კიდეც ახალ ზელანდიას.
? თავის მხრივ, ამ ფინალის შემდეგ ინგლისიც გაუთანაბრდა საფრანგეთს, ოღონდ წაგებული ფინალების რაოდენობით, ინგლისელებისთვის ეს მესამე წაგებული ფინალი გამოდგა.
? სულ კი 9 ფინალიდან 8 სამხრეთ ნახევარსფეროელებს აქვთ მოგებული. მომდევნო გათამაშება კი, 2023 წელს, საფრანგეთში გაიმართება.
მაგრამ გარდა სტატისტიკისა, იაპონიაში დასრულებულ მსოფლიო თასზე სამხრეთ აფრიკელ “ქურციკთა” სანუგეშოდ ბევრი ვერა არგუმენტი მოიძებნებოდა. ინგლისის ნაკრებს ფინალის ფავორიტობას უქადდნენ, განსაკუთრებით ნა
ხევარფინალში ახალი ზელანდიის სუვერენულად (19:7) დამარცხების შემდეგ. “წითელი ვარდების” მხარეს იყო დიდებული შედეგები ჯგუფურ ეტაპსა და პლეი-ოფში, რომელშიც მათ არამცთუ მარცხი, მისი საფრთხეც არ დამუქრებიათ. იაპონიას ტაიფუნიც იმიტომ მოევლინა, რომ ალბიონელებს საფრანგეთთან მატჩი გამოეტოვებინათ და პლეი-ოფს ენერგიის მეტი მარაგით მიჰგებებოდნენ.
აქეთ კი ვნახეთ სამხრეთ აფრიკა, ჯგუფურ ეტაპზე ახალ ზელანდიასთან გაწბილებული და თუმც შემდგომ მცირეთა მხეცთა (ნამიბია, იტალია, კანადა) დაუნდობლად მხოცველი, მაგრამ ნახევარფინალში დიდი ჯახირით (19:16) გაცდენილი უელსის ნაკრების დრაკონულ ბარიერს.
მძიმე, ტრავმებით, შეცდომებით და ცოტა გაწევ-გამოწევით გაჯერებული ფინალის პირველი ტაიმი ჯარიმებით სავსე გამოდგა. სამხრეთელებმა გააცუდეს პირველი დარტყმა, მაგრამ შეაგდეს მომდევნო ოთხი – ჩრდილოელთა ორი ჯარიმის საპირწონედ. 12:6 გაცეცხლებულ მეორე ტაიმს მოასწავებდა, რომელიც პირველის დარად ჯარიმების გაცვლით დაიწყო. მერე კი მოხდა ის, რაც რაგბში ხშირია: თამაშის ბოლოს რომელიმე მხარეს ვერ უნდა გაეძლო ზეადამიანური დატვირთვისთვის და ამ ჯერზე ინგლისის ნაკრებმა დაყარა ფარხმალი. 67-ე წუთზე გაშვებულმა ლელომ შეარყია ანგლოსაქსთა წყობა და რამდენიმე წუთში ბურთის მეორე დამიწებით “ქურციკებმა” ეფექტური წერტილი დაუსვეს ფინალს და მსოფლიო თასსაც – 32:12
გაიმარჯვა სტატისტიკამ…