შეივსო. ახლა, უკვე ლონდონში ცხელ კვირას საჩოგბურთო ბატალიებს და დიდ ვნებათაღელვას ველოდებით. სამეფო სპორტის ქომაგები უმალ მიხვდებოდნენ, რომ საუბარი წლის შემაჯამებელ ტურნირზე გვაქვს, რომელსაც ინგლისის დედაქალაქი ბოლოსწინაჯერ მასპინძლობს. არახალი ამბავია, რომ ATP-მ ვაჟთა შორის შემაჯამებელ შეჯიბრს ადგილი შეუცვალა და 2021 წლიდან ის ტურინში გაიმართება. იტალიურ ქალაქს, ეს პატივი 2025 წლამდე ექნება.

2019 წლის შემაჯამებელი ტურნირის 7 მონაწილე კარგა ხნის გარკვეული იყო, მერვე ადგილისთვის კი პრეტენზიას რამდენიმე მეჩოგნე აცხადებდა, რომელთაგან ყველაზე მეტი შანსი გაელ მონფისს და მატეო ბერეტინის ჰქონდათ. ნისლიან ალბიონზე მიმავალი მატარებლის ბოლო ვაგონს კი იტალიელი მოთამაშე შეახტა. მართალია, ბერეტინი პარიზის მასტერსს მესამე ეტაპზე ჟო-ვილფრიდ ცონგასთან წაგების შემდეგ გამოეთიშა, მაგრამ ამით იმედი ბოლომდე არ გადაწურულა. მთავარი იყო, ლონდონის ბილეთის მოცილე მის უშუალო კონკურენტს, გაელ მონფისს პარიზში ნახევარფინალამდე ვერ გაეღწია. ასეც მოხდა. 23 წლის ბერეტინის  დენის შაპოვალოვთან „სამაღარიჩოდ“ აქვს საქმე. მონფისს, პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში გზა სწორედ კანადელმა მეჩოგნემ გადაუღობა.

ამრიგად, ლონდონის შემაჯამებელზე ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი, ალექსანდრე ზვერევი, დანილ მედვედევი, დომინიკ ტიმი, სტეფანოს ციციპასი და მატეო ბერეტინი ითამაშებენ.

ინგლისის დედაქალაქში ეს უპრესტიჟულესი შეჯიბრი 10-17 ნოემბერს გაიმართება. მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრე ზვერევია, რომელმაც შარშანდელ ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს აჯობა.