ეს უკვე სხვა საქმეა. „ინდიანა პეისერსი“ ვგონებთ არ შემცდარა მიმდინარე სეზონისწინა დრაფტზე არჩევანი სწორედ ჩვენებურზე რომ გააკეთა.

10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება. ასეთია გოგა ბითაძის მონაგარი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ მატჩში 2016 წლის ჩემპიონის – „კლივლენდის“ წინააღმდგ. 20 წლის ქართველს, ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა.

წინა მატჩებისგან განსხვავებითაც, „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა გოგას გაცილებით დიდი სათამაშო დროც მისცა – თითქმის 25 წუთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბითაძეს ენდობიან და ის გუნდისთვის უმნიშვნელო ფიგურა სულაც არ არის.

შეგახსენებთ, ინდიანაპოლისელთა ცენტრმა, მაილს ტერნერმა, წინა ტურში  „ბრუკლინთან“ დაპირიპირებისას ტრავმა მიიღო და გოგამაც ეს შანსი მშვენივრად გამოიყენა. აშკარაა, რომ ახალბედა ქართველმა კალათბურთელმა მწვრთნელის და ქომაგების ნდობა გაამართლა. საბოლოოდ, „ინდიანამ“ „კლივლენდი“ შინაურ კედლებში 102:95 დაამარცხა.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ ბითაძეს მატჩი სასტარტო ხუთეულში არ დაუწყია. რის ფონზეც კი პარკეტზე 25 წუთის გატარება ცოტა ნამდვილად არ გახლავთ. სასტარტო წაგებების შემდეგ, „ინდიანა“ პოზიციებს იუმჯობესებს. ეს ბითაძის გუნდის  ზედიზედ მეორე გამარჯვება იყო, რითაც  აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.

მომდევნო შეხვედრას ინდიანელები 4 ნოემბერს, შინაურ არენაზე „ჩიკაგოსთან“ გამართავენ.