გრანიტ ჯაკამ „არსენალის” ფანების ლანძღვა განმარტა. შვეიცარიელმა თქვა, რომ ჭკუა მაშინ გადაეკეტა, როდესაც ტრიბუნიდან ვიღაცამ მის ქალიშვილს კიბო უსურვა.

ამის გარდა, ზოგი მის ცოლს დამუქრებია სიკვდილით, ზოგი კი პირადად მას ფეხების გადამტვრევით.

ჯაკა ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

განცხადება, რომელიც „არსენალის” „ტვიტერზე” გრანიტ ჯაკას სახელით გამოქვეყნდა, წერია:

„კვირა შუადღისას მომხდარის გასაანალიზებლად გარკვეული დრო დამჭირდა და ახლა ნაჩქარევ პასუხს კი არა, განმარტებას გთავაზობთ. ამბებმა, რომლებიც ჩემი შეცვლის დროს მოხდა, შემძრა.

მე მიყვარს ეს კლუბი, მისთვის მოედანზე ყოველთვის ასი პროცენტით ვიხარჯები და როდესაც გულშემატკივრის მხრიდან ახალ-ახალ შეურაცხმყოფელ კომენტარებს ვისმენ, გული მტკივა.

ხალხი მიყვიროდა „ფეხებს დაგიმტვრევთ”, „ცოლს მოგიკლავთ” და „ნეტავ შენს გოგოს კიბო დაემართოს”.

ამ შეძახილებმა წონასწორობა დამაკარგინა და მოვიქეცი ისე, რომ უნებლიედ უპატივცემულობა გამოვხატე იმ ფანებისადმი, რომლებიც მხარში უდგანან ჩვენს გუნდს, კლუბს და პირადად მეც დადებითი ენერგიით მავსებენ.

ჩემი განზრახვა ეს არ ყოფილა და ვწუხვარ, თუკი ასე გამომივიდა. მინდა იმ მდგომარეობას დავუბრუნდეთ, როდესაც ერთმანეთს პატივს ვცემდით. კვლავ განვიცადოთ ის გრძნობა, რომლის გამოც ბავშვობაში ფეხბურთი შეგვიყვარდა”.

ცნობილი გახდა, რომ „არსენალის” ხელმძღვანელები გრანიტ ჯაკას არ დასჯიან. მიზეზი ფეხბურთელის მყიფე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. კლუბის მავანმა წევრმა „სანს” დაუდასტურა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში შვეიცარიელი მართლაც დათრგუნული ჩანდა. მისი გუნებ-განწყობა თვალსაჩინოდ უარესდებოდა. ჯაკას როგორც ტრიბუნიდან, ასევე სოციალურ ქსელებში სულ მეტ და მეტ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„მე გრანიტს ველაპარაკე კვირას, ორშაბათს და შემდეგ, ვარჯიშზეც, — თქვა „მეთოფეთა” მწვრთნელმა უნაი ემერიმ, — მინდა გითხრათ, რომ მისთვის ამ ყველაფრის გადატანა ძნელია. პირადად მე მისი ბოდიში არ მჭირდება, რადგან ვიცი, რომ ფსიქოლოგიურად უჭირს. ის მეტისმეტად დათრგუნულია და ჩვენ ყველანი მხარში უნდა ამოვუდგეთ.

ჯაკა კლუბისთვის ყოველ დღე ოფლს ღვრის. მას თავისი ფასეულობები აქვს, გამოცდილია და თანაგუნდელები პატივს ცემენ. მას ყველა მონაცემი ჰქონდა, რომ ჩვენი კაპიტანი ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, კვირას შეცდა. რაც მან გააკეთა კაპიტნის საქციელი არ იყო”.

გრანიტ ჯაკა 27 წლისაა. მან ინსტაგრამიდან „არსენალის” ფორმაში გადაღებული ფოტოები ამოიღო.