ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის გარდა აქ ახალგაზრდა სტეფანოს ციციპასზე უნდა გითხრათ. აბა, უნიჭიერესი ბერძენი მეჩოგნე ტიტულებით ჯერ სერბთან და ესპანელთან სად მივა, მაგრამ „რაღაცით“ მათ მაინც გაუტოლდა.
ჩოგბურთი ემოციებთან, სიხარულთან, იმედგაცრუებასთან, ტიტანურ შრომასთან და სხვა ფაქტორებთან ერთად სტატისტიკაც არის. ჰოდა, სტატისტკოსებიც ყველაფერს ითვლიან და აღნუსხავენ. რა თქმა უნდა, ამ საქმეს აწარმოებს ATP-იც და დეკემბრის მიწურულსაც სეზონის შეჯამებისას ყველაფერს მისხალ-მისხალ ჩამოაწიკწიკებს.
მანამდე კი აგერ ფრიად მნიშვნელოვანი ამბავი გაცხადდა. პარიზში მიმდინარე წლის ბოლო მასტერსზე ნოლემ, რაფამ და სტეფანოსმა მორიგი გამარჯვებები იზეიმეს. ამაში საოცარი ნამდვილად არაფერია, მაგრამ საინტერესო დამთხვევას კი ჰქონდა ადგილი. ისე მოხდა, რომ სამივე მათგანმა, 2019 წლის სეზონში საიუბილეო, რიგით 50-ე გამარჯვება ერთ დღეს ჩაიწერეს აქტივში.
ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ეს სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი არ გახლავთ. უკვე 51 გამარჯვება აქვს როჯერ ფედერერს, რომელმაც პარიზის მასტერსის გამოტოვება გადაწყვიტა, ხოლო პირველ ადგილზე დანილ მედვედევია – რუსი მეჩოგნე 59 მოგებით იწონებს თავს.
პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში ნადალი ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას დაუპირისპირდება, ხოლო ჯოკოვიჩი და ციციპასი ერთმანეთის პირისპირ დადგებიან.