იაპ სტამი „ფეინოორდის“ მწვრთნელი აღარ არის. ჰოლანდიური გუნდის ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონში ნაჩვენები შედეგებით უკმაყოფილოა. როტერდამელები ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აშკარად ვერ ბრწყინავენ. შვეიცარიული „იანგ ბოიზის“, შოტლანდიური „რეინჯერსის“ და პორტუგალიური „პორტუს“ კომპანიაში 3 ტურის შემდეგ ერთი გამარჯვებით ბოლო ადგილზე არიან. „ფეიენოორდი“ ვერც ჰოლანდიის ჩემპიონატში იწონებს თავს და 11 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

როტერდამელთა უფროსობასაც ყელში ამოუვიდა და სტამი თანამდებობიდან დაითხოვა, მის ნაცვლად კი გამოცდილი სპეციალისტი დიკ ადვოკაატი დანიშნა. რუსეთის და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ზაფხულიდან უმუშევარი იყო. ბოლოს ის „უტრეხტს“ ავარჯიშებდა, საიდანაც წინა სეზონის დასრულების შემდეგ წავიდა.

„თუ რამით შემიძლია „ფეიენოორდს“ დავეხმარო ამას სიამოვნებით გავაკეთებ. აქაურობა ჩემთვის უცხო არ არის. 2016 წელს ხომ ჯოვანი ბრონხოსტის თანაშემწე ვიყავი. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მოუთმენლად ველი მომდევნო ტურის მატჩს „ვენლოს“ წინააღმდეგ,“ – აღნიშნა 72 წლის სპეციალისტმა.