„ლივერპულმა” და „არსენალმა” ლიგის ანუ კარაბაოს თასზე ინგლისური შოუ მოაწყვეს: თავიდან „მეთოფეებმა” თავიანთ კარში შეაგდეს, მაგრამ ძალა მოიკრიბეს და სამი გაიტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა პენალტით შეამცირეს სხვაობა. შესვენების შემდეგ ისევ ჩრდილოლონდონელებმა გაიტანეს, რასაც „ლივერპულმა” ორით უპასუხა. ამას კვლავ სტუმართა გოლი მოჰყვა, მაგრამ მსაჯის მეოთხე წამატებულ წუთზე ორიჯიმ მაინც შეაგდო და შეხვედრა დასრულდა 5:5.

პენალტებში „ლივერპულმა” გაიმარჯვა — „არსენალს” „რეალისგან” იჯარით გადმოყვანილმა დანი სებალოსმა უმტყუნა. ასეთი გახლდათ მერვედფინალი.

ამრიგად, იურგენ კლოპის გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, მაგრამ გერმანელი მწვრთნელი ამბობს, რომ მისმა გუნდმა ამ შეჯიბრებას შესაძლოა თავი დაანებოს. საქმე ის არის, რომ ლივერპულელებს მეოთხედფინალური შეხვედრა 16-22 დეკემბრის კვირაში უწევთ. ამავე პერიოდში კალენდარში ჩასმულია პრემიერლიგისა და კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები.

კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის განრიგი ასეთია: 18 დეკემბერს მერსისაიდელებს ნახევარფინალი აქვთ სათამაშო, სამ დღეში კი ფინალი ან მატჩი მესამე ადგილისთვის. მოგეხსენებათ, ეს ტურნირი ყატარში ტარდება.

„თუ მოხერხებულ თარიღს ვერ შეგვირჩევენ — შობა ღამის 3 საათს არ ვგულისხმობ — მაშინ უბრალოდ ვერ ვითამაშებთ. შემდეგ ეტაპზე ავტომატურად გავა მოწინააღმდეგე. საკუთარ თავს ლიგის თასს მსხვერპლად ვერ შევწირავთ. იმედია, დღესვე დაიწყებენ ფიქრს და ყველაფერი კარგად დალაგდება.

ეჭვი მაქვს, რომ პრემიერლიგის ბევრი თანამშრომელი ჩვენს თამაშს უყურებდა და „არსენალს” გულშემატკივრობდა”, — თქვა იურგენ კლოპმა.