გახსოვთ თურქი ფეხბურთელი ჰამით ალტინტოპი? ის სხვადასხვა წლებში თამაშობდა „შალკეში”, „ბაიერნში”, „რეალსა” და „გალათასარაიში”. მადრიდში ალტინტოპი 2011 წელს გადავიდა, მაგრამ 2012 წელს გაიქცა. „ლოს ბლანკოსის” მაისურით სულ 11 თამაში ჩაატარა. მიზეზი: ნახევარმცველს „სამეფო კლუბში” საქმეები ვერ აეწყო.

ამასწინათ, ჰამით ალტინტოპი „მარკასთან” გადაიკვეთა. ესპანურმა გამოცემამ ვეტერანს მადრიდული დროების გახსენება სთხოვა.

„ჩემთვის „რეალი” ძალიან მნიშვნელოვანი კლუბი იყო, — თქვა მან, — „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადასვლა ჩემი კარიერის დიდი ნაბიჯი უნდა გამხდარიყო. მე მიყვარს მადრიდი, მიყვარს „რეალი”, პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, მაგრამ საქმე არ აეწყო”.

„მარკა” წერს, ალტინტოპმა „რეალის” ძირითადში ადგილი რომ ვერ დაიმკვიდრა გასაკვირი სულაც არ არის, „თეთრებს” თურქი ნახევარმცველისთვის მეტისმეტად ვარსკვლავური გუნდი ჰყავდათო.

„ჩავედი მადრიდში და რონალდუს, კასილიასის, ბენზემას, იგუაინის, ხედირას და სხვათა თანავარსკვლავედში მოვხვდი, — იგონებს ვეტერანი, — ასეთ გარემოში გრძნობ, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გაწევს მხრებზე. ხვდები, რომ ვალდებული ხარ კარგად ითამაშო. ჩქარობ… სამწუხაროდ, ზურგის ტკივილმა არ გამახარა. სამი თვის განმავლობაში ტკივილის თანხლებით ვვარჯიშობდი”.

ფსიქოლოგიური პრესი?

„კლუბში ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ჩემი პრობლემების შესახებ ხმა არ ამომიღია. ვერა და ვერ შევძელი ნამდვილი ალტინტოპი ვყოფილიყავი. პრესას არ ვეცნობოდი, თუმცა ვიცოდი, რომ ჩასაფრებული იყო”.

და ჰამით ალტინტოპმა წასვლა გადაწყვიტა. ის ჟოზე მოურინიუსთან შევიდა.

„შენ რა, გაგიჟდი? „რეალიდან” გინდა წასვლა? ასეთი რაღაც თავში აზრად როგორ მოგივიდა?  —მითხრა მოურინიუმ. „განსაკუთრებული” საუცხოო ადამიანია. როგორც მწვრთნელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. თან, გუნდში სულ სხვანაირია, არ ჰგავს იმ მოურინიუს, რომელსაც გარეთ იცნობენ. ის თავის ფეხბურთელებთან მეგობრობს და იცავს მათ”, — უთხრა ალტინტოპმა „მარკას”.