პრაღაში, „სლავიასთან” თამაშის შემდეგ, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა „ბარსელონაში” რეზონანსი გამოიწვია. როგორც ჩანს, ესპანეთის ჩემპიონთა შორის საკუთარი გამოსვლით სხვებიც უკმაყოფილონი დარჩნენ. მეკარის ნათქვამმა სავარაუდოდ, მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეზეც იმოქმედა. ბასკმა მწვრთნელმა თითქოს თავის დაცვა სცადა. მან თქვა, რომ კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით პრაღაში ასეთი საშინელიც არაფერი მომხდარა.

„როდესაც თამაში მთავრდება, ნებისმიერ მონაწილეს თავისი აზრი აქვს იმაზე, რაც მოედანზე მოხდა. პრაღაში შეხვედრის ბოლო ხუთი წუთის გამო ყველანი ცოტა არ იყოს შემცბარები ვიყავით. დაახლოებით იგივე იქნებოდა „ეიბართან” მხოლოდ 1:0 რომ მოგვეგო” — თქვა ვალვერდემ, თუმცა, შემდეგ სცადა არც ტერ შტეგენს გამიჯვნოდა ძალიან.

„ბარსას” თავკაცმა დასძინა: „მარკს სრულიად ვეთანხმები იმაში, რომ თამაში მრავალნაირად შეიძლება დასრულდეს, მაგრამ გუნდმა ყველაფერი საჯაროდ კი არა, დახურულ კარს მიღმა უნდა მოაგვაროს”.

და ბოლოს ვალვერდემ მაინც სათავისო თქვა: „როგორც ჩანს, „სლავიასთან” შეხვედრაში ხალხმა ზედმეტი ყურადღება მიაქცია ბოლო ხუთ წუთს და მთელ მატჩზე შთაბეჭდილება მის მიხედვით შეიქმნა”.