გრანიტ ჯაკა შეიძლება „არსენალის” კაპიტანი აღარ იყოს. მიზეზი: „კრისტალ პალასთან” შეხვედრის (2:2) 61-ე წუთზე, როდესაც ის შეცვალეს და მოედნიდან გადიოდა, ჯერ ირონიულად ყურზე ხელი მიიდო, შემდეგ საკუთარ გულშემატკივრებს აგინა, ბოლოს კი გაბრაზებულმა მაისურა გაიხადა და გასახდელში შევიდა.
„მეთოფეთა” მწვრთნელმა უნაი ემერიმ თქვა: „ჩვენ მასთან დალაპარაკებას ვაპირებთ. ჯაკამ რატომღაც მოთმინება დაკარგა და არასწორად მოიქცა.
ის რომ შეცდა, აშკარაა, მაგრამ ახლა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და კლუბში რომ დავბრუნდებით უნდა ვკითხოთ რა მოხდა. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ გულშემატკივარი გვყავს. მათთვის ვთამაშობთ და მათ უნდა ვცეთ პატივი.
ჯაკასთვის კაპიტნობის ჩამორთმევაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ თითოეულ ფეხბურთელთან ვმუშაობთ. ვცდილობთ მათ რთულ სიტუაციებში თავის შეკავება და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან გამკლავება ვასწავლოთ.
თამაშში მთელ გულს ვდებთ. ხანდახან შესაძლოა ემოციამ გვძლიოს, მაგრამ ყოველთვის ჭკუით უნდა მოვიქცეთ.
მსგავსი სიტუაცია წარსულშიც გვქონია, თუმცა დღევანდელის და მაშინდელის შედარება არ შეიძლება. დღეს ფანები და ფეხბურთელები ჩინებულად უგებდნენ ერთმანეთს. ერთადერთი მცირე ინდივიდუალური ინციდენტი იყო, მაგრამ ქომაგებმა მხარი დაგვიჭირეს და ყველაფერი კარგად დამთავრდა”.
ემერის პრეს-კონფერენციაზე კიდევ ერთმა თემამ წამოჰყო თავი. ეს გახლდათ მსაჯობა, უფრო სწორედ კი ვიდეორეფერის შეცდომები. „კრისტალ პალასმა” პირველ ტაიმში „არსენალს” პენალტი გაუტანა. ამ ეპიზოდში მარტინ ატკინსონი თერთმეტმეტრიანს არ ნიშნავდა, ვილფრედ ზაჰა სიმულანტობდაო, მაგრამ მომენტი VAR-მა შეამოწმა და მსაჯს პენალტი დაანიშნინა. 83-ე წუთზე კი „არსენალს” უკვე გოლი არ ჩაუთვალეს, ჯარიმა იყოო.
ემერი: „ჩვენს ბოლო საშინაო შეხვედრაში, „ბორნმუთთან”, აშკარად ვიმსახურებდით პენალტს, ვიდეორეფერიმ კი არც შეამოწმა. იგივე განმეორდა შეფილდში, ჩვენს წინა საგარეო შეხვედრაში. დღეს, თავად ნახეთ, მსაჯმა თქვა ზაჰამ „ჩაყვინთაო”, VAR-მა კი რატომღაც მომენტი შეამოწმა და მეტოქეს ჩვენს კარში პენალტი დაარტყმევინა. შემდეგ, გოლიც გავიტანეთ, ვიდეორეფერიმ კი არ ჩაგვითვალა. არადა, ტყუილია, იქ ჯარიმა არ ყოფილა. არ ვიცი ვინ იჯდა მონიტორთან, მაგრამ მსაჯს გამეორება თავად რომ ენახა, დარწმუნებული ვარ გოლს ჩათვლიდა. მგონი დროა VAR-ის სწორი გამოყენება დავიწყოთ”.