იგი წავა, მაგრამ მოვა სხვა? შექსპირისეულად რომ ვთქვათ, საკითხავი, აი, ეს არის.

დიახ, ჩოგბურთს სტაჟიანი ქომაგები თავის დროზე იგივეს ამბობდნენ და წუხდნენ პიტ საპრასის, ანდრე აგასის, ბორის ბეკერის, კარლოს მოიას, უფრო ადრე კი ივან ლენდლის, ბორგის, ედბერგის, კონორსის წასვლის შემდეგ და მოვიდნენ. თან როგორი ახალი თაობა? როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ენდი მარი…

ძველები ღირსეულად ჩაანაცვლესო მეტად თავმდაბლური ნათქვამი იქნება. ისინი საჩოგბურთო სამყაროში მეტეორებივით შემოიჭრნენ და ისეთი ეპოქა შექმნეს, ჯვარი აქაურობას და, ამნეზია თუ არ დაგემართა, მეხსიერებიდან ვერასოდეს წაშლი.

დიახ, გვინდა არ გვინდა, ოდესმე ის იტყვის – „გმადლობთ ყველაფრისთვის. მე თქვენ მიყვარხართ. წავედი“, მაგრამ ვეჭვობთ ამ გადაწყვეტილებას მანამდე არ მიიღებს, ვიდრე თავად ლეგენდა, ლეგენდარულ ჯიმი კონორსს არ ეტყვის – გამარჯობა მეგობარო. ეს კი შესაძლოა გაისად მოხდეს, როდესაც 109-ე ტიტულს მოიგებს და ამერიკელს გაუთანაბრდება, შემდეგ კი რეკორდის მოხსნასაც რაღა დაუდგება წინ. მით უფრო თუ ეს როჯერ ფედერერია.

რაფაელ ნადალის ქორწილში არ წასვლა და გრუნტის მეფის წყენინება, ალბათ, ამად ღირდა. შვეიცარიელმა მაესტრომ რაფას მიპატიჟებაზე თავაზიანი უარი ხომ ბაზელის ტურნირის გამო უთხრა. მშობლიური ქალაქის პუბლიკას გულს ვერ დასწყვეტდა, კარგმა მეგობარმა კი ასეთ დროს უნდა გაგიგოს. როჯერიც ადგა და ბაზელში მეათედ იჩემპიონა. ისე, კაცმა რომ თქვას განა ვინმეს ამაში ეჭვი ეპარებოდა?

დიახ, სპორტში ყველაფერი ხდება, ჩოგბურთში ფავორიტებსაც წაუგიათ სენსაციურად, მაგრამ ბაზელში ამ სასწაულს არავინ ელოდა. 20 წლის ალექს დე მინაურიც, რომელიც ამ უპრესტიჟულესი ტურნირის ფინალში გავიდა, უეჭველი გრძნობდა, რომ როჯერთან განწირული იყო. მაესტრო, სახლიდან ჯილდოს არავის გაატანდა – ისიც ადგა და ახალგაზრდა, ნიჭიერ ავსტრალიელ მეჩოგნეს დასამახსოვრებელი გაკვეთილი ჩაუტარა – 6:2, 6:2.

ბაზელში ჩემპიონობით ფედერერმა 430 ათასი დოლარი და 500 სარეიტონგო ქულა გამოიმუშავა, მაგრამ ერთიც და მეორეც მას ნაკლებად უნდა ანაღვლებდეს. რაღა უნდა დაამტკიცოს?! ფულიც თავზე საყრელად აქვს და მხოლოდ თანამედროვეობის კი არა, ზოგადად, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სპორსტმენი რომ არის საკამათო არავისთვისაა.

ახლა, 38 წლის როჯერ ფედერერის მთავარი მიზანია ჯიმი კონორსს უთხრას – „გამარჯობა, მეგობარო“. იქამდე კი არც ისე შორია.

ბაზელში როჯერმ ფედერერმა კარიერაში 103-ე ტიტული მოიგო.

 
წილი
წინა სტატიაბასილაშვილმა პარიზი უკვე დაამთავრა
შემდეგი სტატიატერ შტეგენის სიტყვების ექო
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.