რაღა დარჩა? პარიზის მასტერსის შემდეგ ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი, აქა-იქ რამდენიმე უმნიშვნელო ჩელენჯერის ტიპის შეჯიბრი და 2019 წლის საჩოგბურთო სეზონიც დასრულდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის კი უკვე დამთავრდა. წლეულს, განსაკუთრებით მის მეორე ნახევარში ჩვენიანი ერთობ ცუდად გამოიყურება. ჰამბურგში გაბრწყინების შემდეგ მან ქომაგები აშკარად გააწბილა.

იმედგაცრუების პიკი კი პარიზის მასტერსზე რადუ ალბოტთან უშანსოდ წაგებული მატჩი იყო. მოლდოველმა ქართველს კარიერაში პირველად აჯობა. აქამდე გამართული 4 დაპირისპირებიდან, რომელიც ერთი ახლახანს შანხაის მასტერსზე იყო, კორტს გამარჯვებული ყოველთვის ქართველი მეჩოგნე ტოვებდა. ალბოტმა ნავსი სწორედ პარიზის მასტერსზე გატეხა და ბასილაშვილს ორ სეტში – 6:3, 6:2 მოუგო.

პარიზის მასტერსის დაწყებამდე ვწერდით, რომ ამ წყვილის გამარჯვებულს მეორე წრეში დიადი როჯერ ფედერერი ელოდა, თუმცა შვეიცარიელმა ბაზელში კარიერაში 103-ე ტიტულის მოხვეჭის შემდეგ, საფრანგეთის დედაქალაქში ჩასვლისგან თავი შეიკავა და ლონდონის შემაჯამებლამდე დასვენება არჩია. ამის ფონზე, ბასილაშვილის არაფრით გამორჩეულ ალბოტთან მარცხი ორმაგად უფრო გულდასაწყვეტია, რადგან 1/8 ფინალში გასვლის იდეალური შანსი იყო. ფედერერს ე.წ. „ლაქი ლუზერი“ ჩაანაცვლებს, რომლის ბარიერის გადალახვაც სავსებით რეალური იქნებოდა.

ასეა თუ ისე, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სეზონი წარმატებით ნამდვილად ვერ დაასრულა. უახლოეს პერიოდში ნიკა მხარზე ოპერაციის გაკეთებას გეგმავს, რაც მისმა მწვრთნელმა იან დევიტმაც დაადასტურა. იმედია, მომავალ სეზონს ნიკოლოზ ბასილაშვილი გაცილებით მძლავრად და უკეთეს ფორმაში შეხვდება.