ბაზელსა და ვენაში 500-იანი კატეგორიის პრესტიჟული ტურნირები ფინიშის სწორზეა, სადაც მასპინძელ-ფავორიტები, შესაბამისად როჯერ ფედერერი და დომინიკ ტიმი ჯერჯერობით გულშემატკივარს იმედებს არ უცრუებენ, ორშაბათიდან კი 2019 წლის საჩოგბურთო სეზონის ბოლო მასტერსის გათამაშება დაიწყება.

პარიზში ყველა უძლიერესი მეჩოგნე მოიყრის თავს. ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი და სხვა ტოპ მოთამაშეები საფრანგეთის დედაქალაქში გამარჯვებისთვის ყველაფერს იღონებენ. ისე, შარშანდელ პარიზის მასტერსს ცოტა მოულოდნელი ჩემპიონი კი ჰყავდა და ძალიან გვეეჭვება რუსმა კარენ ხაჩანოვმა წლეულსაც იგივეს გამეორება შეძლოს.

პარიზშია ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ივლისში, ჰამბურგის ტურნირზე მეორე ტრიუმფის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი ყოჩაღად ვეღარ გამოიყურება და ქომაგებს ანერვიულებს. ისე, ნიკა ვერც სეზონის პირველ ნახევარში იყო მაინცდამაინც მოწოდების სიმაღლეზე. არასტაბილურობა ყოველთვის იყო მისი ნაკლი.

პარიზის მასტერსზე გაჩემპიონება ან თუნდაც ფინალისტობა ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ნიკას შეუძლია გულშემატკივარს და საკუთარ თავსაც დასამახსოვრებელი მატჩი აჩუქოს. აბა, უბერებელ ლეგენდასთან, როჯერ ფედერერთან ჯახი ხომ მეორე ეშელონის ჩოგბურთელებისთვის უდავოდ დიდი გამოცდილება იქნება. ბასილაშვილს,  შვეიცარიელ მაესტროსთან, 2016 წელს  ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში თამაშის პატივი ერთხელ უკვე ჰქონდა. ვისი გამარჯვებით დასრულდა ის მატჩი ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

წილისყრამ ისე ინება, რომ ჩვენებურის და მხიარული როჯერის გზები  პარიზის მასტერსზე შესაძლოა კვლავ გადაიკვეთოს. საამისოდ კი ბასილაშვილმა პირველ წრეში მისთვის კარგად ნაცნობი რადუ ალბოტის ბარიერი უნდა დაძლიოს. ნიკას, მოლოველი  მეჩოგნე იმდენჯერ ჰყავს დაბრიყვებული ტურში ალბათ ასეთი ბალანსი არავისთან ექნება. ოთხი მატჩი და 100- პროცენტიანი შედეგი, ასეთია სტატისტიკური მაჩვენებელი ბასილაშვილის სასარგებლოდ. ბოლოს, ნიკამ ალბოტს ახლახან, შანხაის მასტერსზე აჯობა, სადაც ერთმანეთს ასევე ტურნირის სტარტზე დაუპირისპირდნენ.

ფედერერთან თამაშის შანს რომ თავი დავანებოთ, ბასილაშვილს ალბოტის დამარცხება ქულების დაცვის მიზნითაც მართებს. შარშან, პარიზის მასტერსზე ის ტურნირს მეორე წრიდან, კევინ ანდერსონთან წაგების შემდეგ გამოეთიშა.