საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები სკოპიეში, მაკედონიის ნაკრებთან პირველ ამხანაგურ შეხვედრეში 21:25 დამარცხდა. მატჩის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ანგარიშში სხვაობა მხოლოდ ერთი ბურთი იყო, მასპინძლები იგებდნენ — 22:21. ოთხბურთიანი გაქცევა მაკედონიელებმა სწორედ ბოლო 5 წუთში მოახერხეს.

პირველი ტაიმი დასრულდა 12:12.

შეხვედრის დასაწყისში მაკედონიელები დაწინაურდნენ 7:2, მაგრამ „მონპელიეს” ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ცხოვრებაძემ ზედიზედ სამი გოლი გაიტანა, რისი წყალობითაც ჩვენი გუნდი, როგორც იტყვიან, თამაშში დაბრუნდა და ტაიმიც ფრედ დასრულდა.

მეორე ტაიმი პირველის სცენარით დაიწყო. მაკედონიელები სამი ბურთით გაიქცნენ (15:12), რის შემდეგაც ქართველებმა ძალები დაძაბეს — 17:17 და რამდენჯერმე წინ გასვლის შესაძლებლობაც ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ, მაინც მასპინძლებმა იძალეს.

საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი ცხოვრებაძე იყო — 9 გოლი (3 შვიდმეტრიანი);

საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი: „ამ დონის გუნდთან საქართველოს ნაკრებს 1999 წლის მერე არ უთამაშია. მაშინ, ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში დანიასთან წავაგეთ. მაკედონიას ბოლო 8 წელიწადია მსოფლიოსა და ევროპის პირველობები არ გამოუტოვებია. რომ არა ბოლო ხუთი წუთის სამწუხარო ჩავარდნა, მშვენიერი ბრძოლა გამოვიდა. კარგად ითამაშა ჩვენმა ვეტერანმა მეკარემ, შოთა თევზაძემ, რომელმაც ორი შვიდმეტრიანი მოიგერია და რამდენჯერმე პირისპირ შესული მეკარის დარტყმაც აიღო. მომეწონა უკანახაზელები – ცხოვრებაძე, თემურ ორჯონიკიძე, ირაკლი ჩიქოვანი და ირაკლი კბილაშვილი. ლექსო წითელიშვილს კი სამწუხაროდ მცირე ტრავმა ჰქონდა და ძირითადად დაცვაში გვეხმარებოდა. ცოტა ხანი ითამაშა სკოპიეს „მეტალურგის” გარემარბმა რეზო ჭანტურიამაც – რეზოს ტრავმა აწუხებდა და მისი თამაში არც კი იგეგმებოდა”.

დღეს, მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. ქართველთათვის ეს მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისა და ევრო 2022-ის შესარჩევი შეჯიბრებებისთვის სამზადისი გახლავთ. შესარჩევები 2020 წლის იანვარში გაიმართება.