„ჩელსი” დარწმუნებულია, რომ სატრანსფერო აკრძალვას მოუხსნიან და ფეხბურთელთა საიანვრო ბაზრისთვის ემზადება.
ფრენკ ლემპარდს მთავარ მიზნად ტამი აბრაჰამისთვის სამარქაფო თავდამსხმელის შეძენა დაუსახავს. დასავლეთლონდონელთა თავკაცი ორ ვარიანტს განიხილავს: „ბორნმუთის” ვარსკვლავს კალუმ უილსონსა და ლაიპციგელ ტიმო ვერნერს შორის არჩევს.
კიდევ, „სტემფორდ ბრიჯზე” ვილიანის შესაცვლელად სხვა გარემარბის მოყვანაზე ფიქრობენ. 31 წლის ბრაზილიელი ახალი ხელშეკრულების დადებას თურმე არ აპირებს, ზაფხულში ქუდს დაიხურავს და წავა.
მართალია, ლემპარდის ფილოსოფია ახალგაზრდა ინგლისელ ფეხბურთელეზე დაყრდნობაა, მაგრამ პრემიერლიგურ ორომტრიალში გამოცდილი კაცი იმასაც ხვდება, რომ ცალკეული პოზიციების გაძლიერება გამოცდილი მოთამაშეებით არის საჭირო.
იანვარში, სავარაუდოდ, „ჩელსიდან” წავა ფრანგი ვეტერანი ოლივიე ჟირუ. მისი გაყიდვით შემოსული ფული კი ახალი ფეხბურთელების ყიდვაზე დაიხარჯება.
რაც შეეხება აკრძალვას: 18 წელზე უმცროსი უცხოელი ფეხბურთელების უკანონოდ დაბევების გამო ფიფას „ლურჯები” ორი სატრანსფერო ფანჯრით ჰყავს მოკვეთილი — გასული ზაფხულითა და კარსმომდგარი ზამთრით. თუმცა, „სანი” წერს, რომ „ჩელსის” იურისტთა კორპუსს სასჯელის შემსუბუქებისა სწამს. რის საფუძველზე? ჯერ ერთი, ანალოგიურ სიტუაციაში „მანჩესტერ სიტის” დისკვალიფიკაციის მეორე ნაწილი მოუხსნეს და გარდა ამისა, თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად ახალი მტკიცებულებები მოუძიებიათ.