ისე მოხდა, რომ იაპონიაში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში ის ოთხი გუნდი გავიდა, რომელთაც ამ წარმატებას სპეციალისტთა დიდი უმრავლესობა უწინასწარმეტყველებდა. მაგრამ სულ სხვა საკითხია, თუ ვინ როგორ სტილში და რის ხარჯზე იმარჯვა თავის მეტოქეზე მეოთხედფინალურ ჯახში.

სჯობს მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ. თავდაპირველად ერთმანეთს ინგლისი და ავსტრალია დაუპირისპირდნენ. ქალაქ ოიტას „ბანკ დოუმზე“ შეკრებილმა თითქმის 37-მა ათასმა მაყურებელმა და ტელემაყურებელთა მრავალმილიონიანმა არმიამ ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში და მეორე ნახევრის დებიუტში იხილა. „წითელმა ვარდებმა“ ავსტრალიელები სწორედ 43-ე წუთზე მოიახლოვეს 1-ქულიან დისტანციაზე (17:16), ამის მერე კი ქულებს მხოლოდ ერთი გუნდი აგროვებდა – ინგლისის ნაკრები, რომელსაც სათავეში ავსტრალიელი (!) ედი ჯოუნსი უდგას. „ვოლაბებმა“ საერთოდ ვერაფერი დაუპირისპირეს გააქტიურებულ ინგლისელებს, მით უმეტეს, რომ ევროპელებმა ყველა ბოძებული შანსი მაქსიმალურად გამოიყენეს და არაფრის გაკეთების შანსი არ დაუტოვეს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს. 40:16 – ეს ანგარიში სრულად ასახავს ამ გუნდების დღევანდელ დონეებს შორის არსებულ სხვაობას.

40 ქულიდან ზუსტად ნახევარი – 20 ქულა ინგლისელთა კაპიტანმა ოუენ ფარელმა მიითვალა, რომელმაც თავისი გუნდის ოთხივე ლელო გარდასახა და ზედაც ამდენივე ზუსტი საჯარიმო დარტყმა წაუმატა და ამ დარტყმებს შორის რამდენიმე – მოედნის კიდიდან. ინგლისის ნაკრები კი ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქის ვინაობა ეჭვს არავისში იწვევდა.

მეორე მეოთხედფინალს იაპონიის დედაქალაქმა ტოკიომ თავის სეხნია სტადიონზე უმასპინძლა და ახალი ზელანდიისა და ირლანდიის ჯახს თითქმის 47 ათასი მაყურებელი დაესწრო. წესით, მსოფლიო თასამდელი რეიტინგის ლიდერ ევროპელთა და ამავე კლასიფიკაციის ამჟამინდელ პირველადგილოსან სამხრეთელებს შორის გამართული მატჩი ყველაზე თანაბარი და დაძაბული უნდა გამოსულიყო, მაგრამ ვაგლახ! „ოლ ბლექსმა“ ყველა კითხვას პასუხი პირველივე ტაიმში გასცა, რომელიც 22:0 მოიგო! ზელანდიელებს ყველაფერი გამოსდიოდათ, მათ მეტოქეს – არაფერი. ამ მატჩის ფონზე სრულიად წარმოუდგენლად მოჩანდა ის ფაქტი, რომ ირლანდიის ნაკრები ბოლო წლებში ერთადერთი ევროპული გუნდია, რომელმაც ახალზელანდიელთა ძლევა შეძლო.

მეორე ტაიმში „სამყურების“ რბევა იგივე ტემპში გაგრძელდა და ჯო შმიდტის გუნდმა ანგარიშის „დასველება“ მაშინღა შეძლო, როცა ის უბრალოდ კატასტროფული და თავისმომჭრელი იყო – 34:0. საბოლოო ანგარიშიც სამარცხვინოა – 46:14, თანაც ახალზელანდიელებმა 7 ერთი მეორეზე ეფექტური ლელო გაიტანეს. ასე რომ, ნათლად გამოჩნდა, რომ ახალზელანდიური და ირლანდიური რაგბი განსხვავებულ წონით კატეგორიებში იმყოფება.

მეოთხედფინალის მე-3 მატჩს იგივე ოიტას „ბანკ დოუმმა“ უმასპინძლა და ამ თამაშს ოდნავ მოკრძალებული აუდიტორია ახლდა – 34 000. აბსოლუტურად არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ეს იყო ყველაზე დრამატული და სანახაობრივი მატჩი მიმდინარე მსოფლიო თასზე. როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, მსოფლიო რეიტინგის ყოფილ ლიდერ უელსის ნაკრებს თამაშში უამრავი ხარვეზი ჰქონდა და თუ მისი მეტოქე საფრანგეთი მობილიზაციას მოახდენდა, ბრიტანელებს კარგი დღე არ ელოდათ. ასეც მოხდა.

თამაში ფრანგების დიდი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით დაიწყო და უკვე მერვე წუთზე „ლურჯები“ 12:0-ს იგებდნენ. პირველი ლელო სებასტიან ვაამაინამ გაიტანა და ბედის ირონიით, სწორედ ის გახდა ამ მატჩის ანტი გმირი ნორჩ მგეზავ რომენ ნტამაკთან ერთად. თბილისში 2017 წელს გამართული მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ტალანტმა პირველ ტაიმში ოლივონის ლელო ვერ გარდასახა ხოლო ზედ შესვენებამდე საჯარიმო დარტყმაც ააცილა. როგორც საბოლოო შედეგიდან ჩანს, ნტამაკს ამ ორი დარტყმიდან ერთი მაინც რომ შეესრულებინა ზუსტად, ნახევარფინალში მისი ნაკრები გავიდოდა.

მეორე მხრივ კი მატჩის ბედზე გადამწყვეტი გავლენა უგამოცდილესმა მეორეხაზელმა სებასტიან ვაამაინამ მოახდინა, ვინც 49-ე წუთზე თავისი გუნდის მოლს ლიდერობდა და მის ჩასაშლელად ბრძოლაში ჩართული მეტოქე ჯერ კისერზე შებოჭა, ხოლო შემდეგ მთელი თავისი კოლოსალური ძალით იდაყვი საბრალო უელსელს ყბაში უთავაზა. ძნელი სათქმელია რა დღე დაადგა საწყალ ბრიტანელს, მაგრამ მან ყბაზე ფრიად მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო, რომელმაც თამაშის მსვლელობა შემოატრიალა. იმ მომენტისთვის ფრანგები თავისი თითქოსდა მივიწყებული, „შამპანურის ცქრიალა შხეფებად“ შერაცხული თამაშის წყალობით 9-ქულიან უპირატესობას მიაღწიეს(19:10) და თვითონ სიტუაცია უელსელებს კარგს არაფერს უქადდა. ჟაკ ბრუნელის ბიჭებს თამაში აშკარად მისდიოდათ, თანაც ფრანგები ამას ბრწყინვალე სტილში აკეთებდნენ, მაგრამ ვაამაინას წითელი ბარათით დამსახურებულად გაძევებამ კუნძულელებს ხელ-ფეხი გაუხსნა. ჯერ იყო და ამ ინციდენტისთვის დანიშნული ჯარიმა დენ ბიგარმა 3 ქულად აქცია, ხოლო თამაშის მიწურულს მორიარტიმ, როგორც იქნა, რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და ლელო გაიტანა, რომელიც იგივე ბიგარმა უნაკლოდ გარდასახა – 20:19 და ფრანგების გასიმპათიურებული გუნდი რჩეულთა ოთხეულს მიღმა აღმოჩნდა, ხოლო ნახევარფინალში უელსის ნაკრები გავიდა, რომელსაც ახლავე ვიტყვი, ფინალისტობის მიზერული შანსი აქვს.

უელსის მცირე შანს იმად გავუსვი ხაზი, რომ მისი მეტოქე სამხრეთ აფრიკის უმძლავრესი ნაკრები იქნება. ტოკიოს „ტოკიო სთედიუმზე“, თითქმის 49 000 მაყურებლის თვალწინ „ბოკემ“ ადგილობრივი პუბლიკის კერპთა ძლევამოსილი სვლა შეაჩერა. სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა იაპონიისას 26:3 სძლია, თუმცა სამართლიანობა იმის თქმას მოითხოვს, რომ „ქურციკებმა“ გადამწყვეტ უპირატესობას მხოლოდ მეორე ტაიმში მიაღწიეს, თორემ შეხვედრის პირველი ნახევარი „საკურების“ კარნახით და მათი მასირებული შეტევებით წარიმართა. მსაჯობას აქაც შევეხები: სრულიად წარმოუდგენელი რამ ხდებოდა ამ პირველი ნახევრის მსვლელობისას. იაპონელები ჯიქურ კი უტევდნენ, მაგრამ როგორი წარმოსადგენია, რომ ფიზიკურად ისეთ ძლიერ მეტოქესთან დაპირისპირებაში, როგორიც სამხრეთ აფრიკის ნაკრებია, მამაცი „საკურები“ წესებს პრაქტიკულად არ არღვევდნენ? ეს კითხვა მატჩის ინგლისელ რეფერი ბარნსს ეკუთვნის, რომელიც იაპონელთა მხრიდან წესების ზოგჯერ აშკარა დარღვევებზე ხუჭავდა თვალს.

მაგრამ თამაშის მეორე ნახევარში იაპონელებს ძალა გამოელიათ და „ქურციკებს“ მათი ძლევა აღარ გასჭირვებიათ. თუკი პირველი ტაიმი 3:5 მორჩა, შეხვედრის მეორე ნახევარში სამხრეთაფრიკელებმა 21 უპასუხო ქულა მიითვალეს. რასიე ერასმუსის მძლავრმა გუნდმა უბრალოდ გაჭყლიტა უსწრაფესად მობურთალი აზიელები და ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის რენომეც დაადასტურა.

ცხადია, რომ სამხრეთაფრიკის ნაკრებს უელსთან მატჩში ფინალის საგზურის მოპოვების გაცილებით მეტი შანსი აქვს. ასე მიიჩნევენ სპეციალისტები და ასე ჩანს ამ გუნდების მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან. ეს თამაში კვირას იოკოჰამაში, „ნისანსთედიუმზე“, თბილისის დროით 13:00-ზე დაიწყება.

მანამდე კი, შაბათს, იგივე არენაზე, ოღონდ ერთი საათით ადრე დაიწყება ახალი ზელანდიისა და ინგლისის ნაკრებთა მეტად საინტერესო ჯახი. მართალია, სამხრეთელები მატჩის ფავორიტებად მიიჩნევიან, მაგრამ ვინ იცის, იქნებ საუცხოოდ დაკომპლექტებულმა ინგლისის ნაკრებმა „უცხოპლანეტელებად“ შერაცხული ახალზელანდიელების დამუხრუჭება როგორმე მოახერხოს. მართალია, ახლა ცოტა არ იყოს არარეალურ სურვილს გამოვთქვამ, მაგრამ ჩემი პირადი აზრით ახალიზელანდიის ნაკრებს შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა შეიძლება არც ეყოს, იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურებიან „ვარდები“ წლევანდელ მსოფლიო თასზე. ვნახოთ, რა იქნება, ერთი რამ კი ცხადია – სამხრეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროების ამ ორ დაპირისპირებაში რაგბის მოყვარულებს უამრავი ლამაზი და დრამატული ეპიზოდი გველის.