
ზაფხულში, 27 წლის ბრაზილიელის ფილიპე კოუტინიუს „ბაიერნში” გადასვლას დიდი ხმაური მოჰყვა. „ალიანც არენაზე” მას იმედით შეეგებენ. კოუტინიუ „რეკორდმაისტერს” „ბარსელონამ” მიაქირავა, „ბარსამდე” კი თავდამსხმელი „ლივერპულში” გამოდიოდა, სადაც ბრწყინავდა.
ჩემპიონთა ლიგაში, პირეუსის „ოლიმპიაკოსთან” ბავარიელთა 3:2 გამარჯვების შემდეგ, ვეტერანმა გერმანელმა დიტმარ ჰამანმა კოუტინიუ გააკრიტიკა. მან თქვა:
„ჩემი აზრით, ის მიუნხენელთა გუნდში უცხო სხეულია. მე მის კარგად ნათამაშევს ვერ ვიხსენებ. როდესაც ასეთი ფეხბურთელი გყავს, ის კი შენს შეტევებს აქცენტებს ვერ უკეთებს, გამოდის ნახევარფეხბურთელი გყოლია, — უთხრა ექსპერტმა ტელეკომპანია „სქაის”, — რასაკვირველია, წინ კიდევ 30-35 მატჩია, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა ათამაშდეს კარგად”.
„ბარსადან” ბრაზილიელის იჯარა სეზონის ბოლომდეა ძალაში.
საბერძნეთში კოუტინიუმ მოედანზე 90 წუთი დაჰყო, მაგრამ გერმანული გუნდის 3 გოლიდან მონაწილეობა ერთშიც კი არ მიუღია.
ამის მიუხედავად, „ბაიერნის” მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ფილიპე კოუტინიუ დაიცვა: „ერთადერთი, რაც ფილიპეს ამ ეტაპზე აკლია, იღბალია. ის მოედანზე მშვენივრად მოქმედებს. კოუტინიუს, ისევე, როგორც სხვა ფეხბურთელების თამაშით, კმაყოფილი ვარ”.
„ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კი ცოტა სხვანაირად შეხედა საკითხს: „ფილიპეს დრო სჭირდება. ის შემოქმედი ფეხბურთელია, რომელიც ჯერ 100 პროცენტით არ არის მზად. მას გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში, თუმცა, რასაც აკეთებს, ისიც ძალიან კარგია”.