საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს 25 და 26 ოქტომბერს სკოპიეში, მაკედონიის ეროვნულ გუნდთან ორი ამხანაგური მატჩი ელის. ეს მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატისა და ევრო 2022-ის შესარჩევი საიანვრო შეჯიბრებებისთვის სამზადისი გახლავთ.

მაკედონიურ შეკრებაზე ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლა მაქსიმოვიჩმა 17 მოთამაშე წაიყვანა. შვიდი მათგანი ევროპულ კლუბებში თამაშობს, რვა ეროვნული ჩემპიონატიდან არის, ხოლ ორი ამეტაპზე ახალი ევროპული გუნდის ძიებაშია. მაქსიმოვიჩს გუნდის მომზადებაში ეხმარებიან მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, ფიზიკური მომზადების მწვრთნელი მარკო შეშუმი და ფიზოთერაპევტი დრაგან ილიჩი. გუნდთან ერთად არის ტექნიკური დირექტორი დრაგან ჯუკიჩიც.

საქართველოს ნაკრებს მაკედონიაში ორი დაშავებული მოთამაშე ვერ დაეხმარება: 37 წლის რევაზ ჭანტურია, რომელიც სკოპიეს „მეტალურგში” თამაშობს და 17 წლის ნიკოლოზ კალანდაძე ფრანგული „შამბერიდან”.

საქართველოს ეროვნული გუნდი:

მეკარეები: შოთა თევზაძე (1981, „რეშიცა”, რუმინეთი), ზურაბ ცინცაძე (1996, „იმედი-სტუ”), გიგა ტორონჯაძე (1989, BSB ბათუმი);

მარცხენა გარემარები: ხაზეინ რუსტამოვი (1998, „ქუთაისი”), ზურაბ აბრამიშვილი (1994, BSB ბათუმი);

მარცხენა ინსაიდები: თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, „ოროშჰაზი”, უნგრეთი), ლექსო წითელიშვილი (1992, „ოჰრიდი”, მაკედონია), ზურაბ სიმონია (1994, BSB ბათუმი)

გამთამაშებლები: ირაკლი ჩიქოვანი (1989, „კონსტანცა”, რუმინეთი), ირაკლი კბილაშვილი (1998, „მეტალურგი”, მაკედონია)

მარჯვენა ინსაიდები: გიორგი ცხოვრებაძე (2001, „მონპელიე”, საფრანგეთი), გიორგი დიხამინჯია (1997)

მარჯვენა გარემარბები: ირაკლი გოგოლაძე (1996, BSB ბათუმი), გიორგი მერკვილაძე (1998, „ქუთაისი”)

ხაზის მოთამაშეები: ერეკლე არსენაშვილი (1998, „ბრაგა”, პორტუგალია), გიორგი ლაპიაშვილი (2000, BSB ბათუმი), უჩა მაისურაძე (1986).