ედენ აზარი დიდი ზეწოლის ქვეშაა. ბელგიელმა ხვალ, სტამბოლში, ჩემპიონთა ლიგაში, „გალათასარაის” წინააღმდეგ კარგად უნდა ითამაშოს.

ესპანურ გაზეთებს მოთმინების ფიალა აევსოთ. მათ აღარ შეუძლიათ „ლოს ბლანკოსის” შემადგენლობაში „ჩელსის” ყოფილი ვარსკვლავის ბაჯბაჯის ცქერა.

„მარკამ” დაწერა, აზარი „რეალში” ჯილდოების მოსაგებად გადმოიყვანეს და დროა ფხა გამოიღოსო.

გაზეთმა „გალათასარაისთან” შეხვედრას მისთვის ფინალი უწოდა.

A ჯგუფში მადრიდელთა მდგომარეობა მართლაც მძიმეა. ორი ტურის შემდეგ, „თეთრებს” ერთადერთი ქულა აქვთ და ცხრილში ბოლო ადგილზე არიან.

თუ ისინი „გალათასარაის” ვერ მოუგებენ, ფლეი-ოფში მოსახვედრად დიდი ბრძოლების გადატანა მოუწევთ.

მდგომარეობას ტრავმებიც ართულებს. ზინედინ ზიდანს ხუთი ფეხბურთელი აკლია. მათ შორის არიან ტონი კროოსი და გარეთ ბეილი, რაც აზარს განსაკუთრებულ ტვირთს ჰკიდებს მხრებზე.

28 წლის ბელგიელმა შაბათს, ლა ლიგის შეხვედრა „მალიორკას” წინააღმდეგ (0:1), გამოტოვა. მიზეზი: მისი მეოთხე შვილი იბადებოდა.