„მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” შეხვედრის (1:1) დროს, „ოლდ ტრეფორდზე” მისულ, „სქაი სპორტის” ლოჟა-სტუდიაში მოკალათებულ ჟოზე მოურინიუს გულშემატკივარმა ემოციური შეხვედრა მოუწყო. იყო შეძახილები, ხელის ქნევა და მხურვალე სალამი. „იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელი (2016-2018) როი კინსა და გრემ სუნესთან ერთად ტურის მთავარი მატჩის მიმოხილვაში მონაწილეობდა.

ოვაციების პასუხად პორტუგალიელი მანჩესტერელ გულშემატკივარს ჰაეროვან კოცნასა და დიდ სიყვარულს უგზავნიდა.

„ოლდ ტრეფორდზე” შეკრებილ ქომაგებს თავიდან ჩინებულ ხასიათზე ყოფნის მიზეზი ჰქონდათ — პირველ ტაიმში მარკუს რეშფორდმა ოლე გუნარ სულშერის გუნდი დააწინაურა, მაგრამ თამაშის ბოლოს, ლივერპულელმა ადამ ლალანამ ანგარიში გაათანაბრა. გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ჟოზე მოურინიუმ კი რამდენიმე დღის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს მწარედ გაჰკრა კბილი. ვუდვორდმა ოლე გუნარ სულშერი შეაქო და თქვა, რომ ნორვეგიელს „იუნაიტედი” სწორი მიმართულებით მიყავს (მიუხედავად იმისა, რომ სულშერმა გუნდს ახლა უკვე 9 პრემიერლიგური შეხვედრიდან მხოლოდ 2 მოაგებინა), რასაც „განსაკუთრებულმა” ირონიულად სწორი პიარ სვლა უწოდა. მოურინიუმ თქვა, რომ მომავალში სურს ისიც არა არა შედეგების მიხედვით, არამედ ზოგადად, როგორც მწვრთნელი დააფასონ და ხვალინდელი დღის მშენებლად მიიჩნიონ.

„იმის გათვალისწინებით, თუ რას ვუსმენდით და ვკითხულობდით გასული კვირის განმავლობაში; აგრეთვე ოლეს კომენტარებსა და მისტერ ვუდვორდის გამონათქვამებსაც თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ეს ყველაფერი „ლივერპულთან” თამაშის წინ კარგი პიარ აქცია იყო. მე მივხვდი, რომ ისინი მომავალზე არიან ორიენტირებულები. ეს კი ძალიან კარგია. მეც მინდა ოლესავით ისეთი სამსახური ვიშოვო, სადაც სულ მომავალზე ვილაპარაკებ და ეს ლაპარაკი აწმყოში წაგებების გამო პრობლემებისგან დამიცავს”.