ბოლო დროს ჰოლანდიის ნაკრები იმ მწვერვალებზე ვეღარ იყო, როგორიც ამ გუნდს შეჰფერის. ეს მანამდე, ვიდრე ამ გუნდის სათავეში რონალდ კუმანი მივიდოდა. მართალია, სიმაღლეები ჯერ არც ამათ არ დაუპყრია, თუმცა დიდ ტურნირზე გასვლა სანატრელი ჰქონდათ და, როგორც მოვლენების განვითარება აჩვენებს, ასე აღარ იქნება.

ჰოლანდიელთა მოფერიანება კი არც „ბარსას“ მესვეურებს დარჩენიათ შეუმჩნეველი. როგორც გაირკვა, 2020 წლის შემდეგ, კუმანს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ჰოლანდიის ნაკრების დატოვება შეუძლია. ეს ამბავი ნიდერლანდების ეროვნული გუნდის სპორტულმა დირექტორმა ნიკო-იან ჰუგმაც დაადასტურა:

„მართლაც არსებობს ასეთი შეთანხმება, მაგრამ ამისთვის სხვა კლუბს საფასურის გადახდა მოუწევს. ჩემი აზრით, ნაკრებში ერთად მუშაობა კუმანს უფრო წარმატებულს გახდის. ისე კი, იმედი მაქვს, რომ 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ყატარში ერთად გავემგზავრებით.“

ბარსაში ვალვერდეს მუშაობით ბოლომდე კმაყოფილნი არ არიან, შესაბამისად ესპანურ-ჰოლანდიური ეს გარიგება ძალიან მოსალოდნელია…