გელა აფრასიძემ კარგად ითამაშა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე და ეს შეუმჩნეველი არც მისი ფრანგული კლუბისთვის დარჩენილა. „მონპელიეს“ ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა ქართველ 9 ნომერთან თანამშრომლობის 3 წლით გახანგრძლივება გადაწყვიტა.

„აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და მიხარია, რომ კლუბმა ნდობა გამომიცხადა. ვეცდები დაოსტატება განვაგრძო და გუნდის თამაშში ჩემი წვლილიც შევიტანო“, – განაცხადა 21 წლის ბორჯღალოსანმა, ვისაც ეროვნულ გუნდში უკვე 20-ზე მეტი კეპი აქვს მოხვეჭილი.

კონტრაქტი 3-წლიანია და ძალაში გაისად ზაფხულში შევა. მისი პირველი წელიწადი ესპუარის იქნება, რის შემდეგაც აფრასიძე ე.წ. „ჟიფ“-ის სტატუსს მიიღებს და მომდევნო 2 სეზონში პროფესიონალი მორაგბის რანგში იასპარეზებს.