გააწყალა გული ამ საერთაშორისო ფეხბურთისთვის ღამისთევამ.

ახ! ქართული ფეხბურთი მომენატრა.

ჩავიცმევ სამგზავროდ, ყელზე დინამოურ შარფს მოვიხვევ, აბგით ჰამბურგერებს და ლუდს ვისაგზლებ და ქალაქელი ფანებით გაძეძგილ თბილისი-ქუთაისის მატარებელს ავეკიდები. პარასკევ საღამო იქნება და მეორე დღეს, შაბათს, ქუთაისში ჩემპიონატის დიდი მატჩი იქნება დაგეგმილი: „ტორპედო“ – „დინამო“ თბილისი.

დინამოელი ქომაგები საკლუბო სიმღერებით აიკლებენ მატარებელს და გამთენიისას ქუთაისის სადგურში მოაწყობენ მარშირებას. მთელი იმერეთის პოლიცია ფეხზე იდგება. ქუთაისური ფან-კლუბები ორგანიზებული წესით, დარაზმულად გამოუშვებენ თავიანთ ბიჭებს ქალაქში, აქაოდა, თუ აგრესიულ თბილისელებთან შეხლა მოგვიწევს, მაგრად დავუხვდეთო. თბილისის ღამენატეხი და შემთვრალი ფანობა კი დავით აღმაშენებლის ძეგლთან შეყრილა და მღერის: „ჩვენ ავიღებთ ქუთაისს, ჩვენ პირველები ვართ!“ ამათი გეგმაა მძლავრი ერთობით გაიარონ მთელი ქალაქი და ისე მივიდნენ სტადიონზე. ახალგაზრდა ქუთაისელ ფანებს ჩამოსულთა დასანახად მოუწევთ გულები, მაგრამ უფროსები აკავებენ – თამაშის ჩაშლის საბაბს ნუ მივცემთო. „ტორპედო“ ხომ ქულით უსწრებს „დინამოს“ და ჩემპიონატის დასასრულამდე სამი ტურიღა რჩება. თბილისელებს გული მისცემიათ და პოლიციელებით გარშემორტყმულნი გაჰყვირიან…

გუნდებში კი გვარიანი მღელვარებაა. სტუმართა გუნდი კარგა ხანია სტადიონზეა. მწვრთნელი ოთახში ზის და შემადგენლობას უტრიალებს. მასპინძლები ბაზაზე არიან და ჩემპიონობაზე ფიქრობენ. „ბურთი არ დავინახო გაჩერებული. გორაობა მაგათი მოგონილია. ბურთის თრევა არ აცალოთ,“ – ამბობს მწვრთნელი. ორ საათზე გუნდი ავტობუსში ჯდება და სტადიონისკენ მიდის.

იქ კი უკვე დიდი ამბავია. „დინამოს“ ფანობას ორი სექტორი გამოუყვეს. სექტორები გალიებითაა გამოყოფილი, მაგრამ თბილისელები თავიანთ ნაცად ხერხს მიმართავენ – „კოკა-კოლას“ პლასტმასის ბოთლებს ისვრიან აქეთ-იქით. ვიღაც გიჟები კი გალიის ცხაურებს ანჯღრევენ „დინამოს“ ღრიალით. ქუთაისელებს სტადიონის ოთხი მეხუთედი უჭირავთ და ტალღას აკეთებენ. სტადიონის დიჯეი ხალხს ამცნობს მატჩის კომისრის განცხადებას, რომელიც ქომაგებს აფრთხილებს, რომ თუ ისინი საფრთხეს შეუქმნიან მატჩის მსვლელობას, კომისარი მატჩს შეწყვიტავს. ხალხი ამ განცხადებას ღრიალით ხვდება. ჩემი ბედი, რომ თბილელ ფანებს ადრევე დავშორდი და სტადიონის პრესლოჟაში შევაღწიე ოთხი ბლოკპოსტის გავლის შემდეგ.

გამაყრუებელ გნიასსა და სტვენაში გუნდები მოედანზე გამოდიან. ბათუმელი მსაჯი თამაშის დაწყების ნიშანს აძლევს.

განა შეიძლება ამ შეხვედრის აღწერა? არ შეიძლება. ერთი-ორს კი მაინც ვიტყვი – მესამე წუთზე უკვე პირველი ყვითელი ბარათი აფრიალდა. 32-ე წუთზე მასპინძლები ათნი რჩებიან, მაგრამ ტაიმის მიწურულს სწორედ მათ გააქვთ გოლი. ასეთი გუნდი ჰყავს ქუთაისს – სწრაფი, ხისტი და მოწინააღმდეგის შეცდომათა საუცხოოდ დამჭერი. თამაში კი ფრედ მთავრდება – სტუმართა ნიგერიელი გარემარბი საჯარიმოში შერბის და შემდეგ პენალტით ათანაბრებს ანგარიშს…

დიდი ამერ-იმერული ხაჯი ასე სრულდება, მაგრამ ახლა მთავარი პრობლემა თბილისელი ფანების სადგურამდე მიდენაა…

მორჩა, გვეყოფა! საფეხბურთო ზღაპარში ხომ არა ვართ?

ახ, ქართული ფეხბურთი მომენატრა. შინაური თამაშის ნამდვილი დღე!

როდის მოვესწრებით ამას?

არავინ იცის.

როდის იჯდება ტელევიზორთან ქართული გუნდების ერთმანეთში თამაშის ნახვის სურვილით ანთებული მთელი ქვეყანა?

ალბათ ოდესმე.

მანამდე კი „სიტიში“ წავიდეთ, ჩვენ ყველანი წავიდეთ „სიტიში“ – იქ მშვიდად ვიქნებით.

ბოლოსდაბოლოს, თავი მაინც არ აგვტკივდება და გაუთავებლად არ დავსვამთ უკვე მთლად გაცვეთილ და გახუნებულ კითხვებს, რომელთა შინაარსიც ყველამ კარგად იცის.

25.10.1997

წილი
წინა სტატიაცხოვრებაძემ სასატარტოში ითამაშა
შემდეგი სტატიანიკა, ვენა და ფერნანდო
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.