18 წლის ქართველმა ხელბურთელმა გიორგი ცხოვრებაძემ „მონპელიესა” და „კილის” ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში სასატარტო შემადგენლობაში ითამაშა. გიორგიმ მოედანზე ხუთი წუთი დაჰყო.

„კილმა” მოიგო 33:30. გერმანული გუნდი ამ შეხვედრამდეც B ჯგიფის ლიდერი იყო. ახლა მას 9 ქულა აქვს. „კილს” 6 ქულით მოსდევენ უნგრული „ტელეკომ ვესპრემი” და „მონპელიე”.

ის ფაქტი, რომ ცხოვრებაძეს არც მეტი არც ნაკლები ჯგუფის ლიდერთან სასტარტოში ანდეს თამაში, მნიშვნელოვანია. რასაკვირველია, ქართველ გულშემატკივარს გაგვიხარდებოდა, გიოს მოედანზე მეტი დრო რომ დაეყო და გოლის გატანაც მოესწრო, მაგრამ თქვენი ნებართვით ორ მომენტს გავუსვამთ ხაზს. ქართველი ინსაიდი „კილთან” გარემარბად დააყენეს (შეტევაშიც კუთხეზე იდგა და არც დაცვაში იცვლიდა პოზიციას) და მეორე — უშუალოდ მისმა შემცვლელმა ჟულიენ ბოსმაც (რომელმაც პარკეტზე კარგა ხანი გაატარა) მხოლოდ ერთხელ შეაგდო. ამით იმის თქმა გვინდა, რომ ამ დღეს „კილის” კარში გოლის გატანა ფრანგული გუნდის მარჯვენაფლანგელებისთვის ძნელი საქმე გამოდგა.

თუმცა, რაღა მარტო მარჯვენაფლანგელებისთვის. პირველ ტაიმში მასპინძლები ერთხელაც არ დაწინაურებულან (16:17), მეორეში კი მართალია 20:20-ის შემდეგ 25:25-მდე გადიოდნენ წინ, ორჯერ 3 ბურთითაც ჩამოიტოვეს მეტოქე, მაგრამ „კილმა” მაინც იძალა და თამაშის ბედი თავის სასიკეთოთ შემოატრიალა.

შემდეგი შეხვედრა „მონპელიეს” 2 ნოემბერს პორტუში ელის. 5 თამაშის შემდეგ „პორტუს” 5 ქულა აქვს. მანამდე კი, 25 და 26 ოქტომბერს, გიორგი ცხოვრებაძე საქართველოს ნაკრებთან ერთად მაკედონიაში ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.