ჩოგბურთელებიც ხომ ჩვეულებრივი მოკვდავნი არიან, მაგრამ მათ ბევრი უცნაურობები ახასიათებთ. მაგალითად, ხშირად გაიგებთ და დადასტურებული ამბავიცაა, რომ საჩოგბურთო სამყაროში შუღლი და ქიშპი არავის უკვირს. ტურში, მოთამაშეებს ერთმანეთთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვთ და გადამკვდარი მეგობრობაც იშვიათობაა, თუმცა ეს ყველაზე ნამდვილად არ ითქმის.
სამეფო სპორტში, 21-ე საუკუნის უმთავრეს „მტრებად“ უდავოდ როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი იქცნენ. შვეიცარიელი და ესპანელი ჩოგბურთელების პრინციპული დაპირისპირებებებს მილიონობით ადამიანი ჰყავს მიჯაჭვული ტელევიზორთან. ჩოგბურთის გულშემატკივრებს, შესაძლოა, შთაბეჭდილება შექმნოდათ, რომ რაფა და როჯერი ერთმანეთს კორტის მიღმაც ვერ იტანენ, მაგრამ ასე არ არის. ფედერერიც და ნადალიც კარგი მეგობრები არიან, რაც ლეივერის თასზეც დამტკიცდა.
ცოტა დიდი შესავალი გამოგვივიდა, მაგრამ ეს არაფერი იქნება იმ საუბართან შედარებით, რაც რაფას და როჯერს სავარაუდოდ ერთმანეთში ექნებოდათ, რის შემდეგაც „როლან გაროსის“ 12-გზის ჩემპიონი უდავოდ გულდაწყვეტილი დარჩებოდა. საქმე გრუნტის მეფის ქორწილს ეხება. ნადალმა როგორც იქნა თავი მოაბა და მარია პერელოსთან, რომელიც უკვე წლებია მისი მეგობარი გოგონაა უღელი დაიდგა. ჯვრისწერა მალიორკაში შედგა, ხოლო როჯერი რაფასთვის ამ მნიშვნელოვან დღეს მის გვერდით არ იყო. შვეიცარიელს გაცილებით სერიოზული საქმეები აღმოაჩნდა.
„სხვა გეგმები მაქვს, რომელიც ჯერ კიდევ წლის დასასწისში შევიმუშავეთ. სამწუხაროდ მას ვეღარ შევცვლი. ამიტომაც რაფას ქორწილის გამოტოვება მომიწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მშობლიური ქალაქის მაცხოვრებლებს გავანაწყენებ,“ – უთხრა როჯერ ფედერერმა ჟურნალისტებს ჯერ კიდევ ამერიკის ღია პირველობის მიმდინარეობის დროს.
21 ოქტომბერს, ბაზელში პრესტიჟული ტურნირი იღებს სტარტს და ფედერერის მხრიდან რაფასთვის უარის თქმის მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ. როჯერს სურს საკუთარი ქომაგების თვალწინ მორიგ – 103 ტიტულს შეუტიოს. ეჭვგარეშეა, რომ დიდი სლემების 20-გზის ჩემპიონი ბაზელის ტურნირის უმთავრესი ფავორიტია. მეორე ნახევრის გარეშე კი ესპანეთში გადაფრენა არც მირკა ვავრინეცმა ისურვა, რომელიც, რა თქმა უნდა, ასევე დაპატიჟებული გახლდათ.
რაფაელ ნადალის ქორწილში 350-კაციანი იყო. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაფა მადრიდის „რეალის“ ქომაგია, ამიტომაც მან მოსაწვევები სამეფო გუნდის კაპიტანს სერხიო რამოსს, გუნდის ყოფილ მეკარეს იკერ კასილასს და პრეზიდენტს ფლორენტინო პერესსაც გაუგზავნა, მაგრამ უცნობია იყვნენ თუ არა ისინი ქორწილში.