ვირჯილ ვან დაიკმა „მანჩესტერ იუნაიტედზე” თქვა, მასთან თამაში ჩვენთვის დიდი არაფერიაო. „ოლდ ტრეფორდზე” ხვალინდელი ჯახის წინ „ლივერპულის” მწვრთნელმა იურგენ კლოპმაც დაახლოებით იგივე განაცხადა — ეს იქნება მორიგი პრემიერლიგური შეხვედრა და მეტი არაფერიო. არადა, როგორც ჟღერს: „მანჩესტერ იუნაიტედი” vs „ლივერპული”. რამხელა ისტორია დგას ამ სახელწოდებების უკან.

ვირჯილ ვან დაიკი: „ეს არ იქნება სეზონის უდიდესი თამაში. უბრალოდ, ატმოსფერო, რომელიც მას წინ უძღვის, სხვა შეხვედრებთან შედარებით უფრო ხმაურიანია. დიდი ჯახები იმათ ჰქვია, ჩემპიონთა ლიგაში რომ იმართება და კიდევ იმათ, პრემიერლიგის ჩემპიონობას რომ მოგვაგებინებს. რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედთან” თამაშს, ის ფანებისთვის ჟღერს განსაკუთრებულად, თორემ მას ჩემპიონთა ლიგის ნებისმიერი შეხვედრა აღემატება”.

„მანჩესტერ იუნაიტედი” და „ლივერპული” ინგლისში ოდინდელ მოქიშპეებად ითვლებიან და მათი შეხვედრა ყოველთვის აჟიოტაჟს იწვევს. საინტერესოა, რომ კლოპს „ოლდ ტრეფორდზე” არასდროს მოუგია. მერსისაიდელებმა „იუნაიტედთან” სტუმრად ბოლოს 2014 წლის მარტში გაიმარჯვეს, 3:0. ეს გერმანელის ლივერპულში ჩასვლამდე 19 თვით ადრე მოხდა.

კლოპმა თქვა: „ჩემთვის ეს პრემიერლიგის ჩვეულებრივი მატჩია. დაძაბულობა ყოველი თამაშის წინ ჩვეულებრივად მატულობს, შემდეგ ისმის მსაჯის სასტვენის ხმა და შენ ბრძოლაში ებმები. ხალხი „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „ლივერპულის” შეხვედრაზე ბევრს ლაპარაკობს, თან აქცენტს ჩვენზე აკეთებენ, მაგრამ ვერ ჩაგვითრევენ. ვიცით, რომ დაძაბულობა არსებობს, ოღონდ ის პოზიტიურია”.

რვა ტურის შემდეგ, პრემიერლიგის ცხრილს „ლივერპული” ლიდერობს. მერსისაიდელებმა რვავე შეხვედრა მოიგეს და „მანჩესტერ იუნაიტედზე” 15 ქულით მეტი აქვთ. ინგლისური პრესა წერს, რომ კლოპის გუნდს ზედიზედ მეცხრე მოგების შანსი აქვს, რადგან მასპონძლებს ტრავმების გამო დავიდ დე ხეა და პოლ პოგბა არ ეყოლებათ. ამ მოსაზრებას ვან დაიკი თავისებურად ეხმაურება:

„მანჩესტერელებს უნდათ, რომ მიმდინარე სეზონში განცდილი ყველა გაწბილების პასუხად ბოლოს და ბოლოს თავი გამოიჩინონ. ისინი არ არიან საუკეთესო ფორმაში, ისინი არ არიან თავდაჯერებულები, ჩვენ კი ჩვენი საქმე გვაქვს — მოედანზე უნდა გავიდეთ და ქულები დავაგროვოთ. მოგებათა რაოდენობა უნდა გავზარდოთ”.

კლოპს კიშეახსენეს, რომ „ოცნებათა თეატრში” ერთხელაც არ მოუგია. მან უპასუხა:

„არც ვიცოდი „ოლდ ტრეფორდზე” მოგებული რომ არ მქონდა. წარსულს და სტატისტიკას მნიშვნელობა არ აქვს. გულწრფელად რომ გითხრათ, საკუთარი თავის რწმენის პრობლემა არასდროს მქონია. „იუნაიტედთან” თამაშის წინ საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, ამ შეხვედრაში გამარჯვების ისეთივე შანსი გვაქვს, როგორიც ნებისმიერ სხვა შეხვედრაში. რაც შეეხებათ მანჩესტერელებს, მათ ალბათ ჰგონიათ, რომ ამ შეხვედრას მსოფლიოს შეცვლა შეუძლია. მათ თქვეს, რომ ძლიერი მეტოქეები არიან, მაგრამ მე მგონია, რომ დღეს ჩვენთან თამაშს ბევრი გუნდი არ ინატრებდა”.