უცხოეთიდან ერთი კარგი წიგნი მომივიდა. სქელი წიგნია, მშვენიერი ყდითა და თავისი საინტერესო ფოტოალბომით. ის დაუწერია „არსენალის“ კაპიტან ტონი ადამსს, რომელსაც გადაუწყვეტია, ჩემი არეული ცხოვრება პირუთვნელად უნდა აღვწეროო.
თუმცა, „დაუწერია“ მთლად ზუსტი სიტყვა არ არის. დაწერით ეს წიგნი მავანმა განთქმულმა ჟურნალისტმა დაწერა ტონი ადამსის ნაამბობის საფუძველზე. წიგნი ერთი კარგი ბიოგრაფიული რომანივით იკითხება – ფეხბურთელის გულსა და ჯიგარში ჩაახედებს გულშემატკივარს და მრავალ საინტერესო ამბავსაც გააცნობს.
ასეთი წიგნები ფეხბურთის ისტორიას ქმნიან. ინგლისში საერთოდაც მოდაა ამგვარ ჟანრზე – ადრე თუ მხოლოდ კარიერადასრულებული მოთამაშენი უამხანაგდებოდნენ ჟურნასლისტებს და თავიანთ საფეხბურთო ცხოვრებას აღწერდნენ, ახლა ყოველი ვარსკვლავი თავის მწერალს დაეძებს, რათა ნაფიქრი კომპიუტერში შეაბეჭდინოს. ფული ფულად უჯდებათ ჟურნალისტებსა და ვარსკვლავებს და ისტორიასაც სასარგებლო რამ ემატება.
აბა, როგორ არ დააინტერესებს ფეხბურთის მოყვარულს ასეთი ლიტერატურა?
როგორ არ დააინტერესებს გულშემატკივარს ინგლის-არგენტინის მატჩის ამბები, რომელსაც თავად ამ შეხვედრის მონაწილე აღწერს?
ტონი ადამსს მშვენივრად ახსოვს ყველაფერი. მას ახსოვს, როგორ იკავებდა ცრემლებს ბექემი და როგორ ებოდიშებოდა ყველას და როგორ თქვა ცენტრში მდგარმა დეივ ბეტიმ: „ტონ, პენალტი არასოდეს დამირტყამს. მოდი, ავდგები და შუაში გავაქანებ, სხვა მე არ ვიცი“, „გააქანე“ – მიუგო ადამსმა. ბეტი ბურთისკენ წავიდა და არ გააქანა, მეკარისაკენ მარჯვნივ დაარტყა…
ასეთი ეპიზოდი ათასია და ეს ყველაფერი ფეხბურთის გუშინდელ დღეს ქმნის.
ეს კაპიტალისტურ ქვეყნებში…
და რა ვითარებაა ჩვენში?
მოგეხსენბათ, ჩვენში არანაირი ვითარება არ არის.
ოდესღაც, საქართველოში არსებობდა ერთგვარი ტრადიცია ფეხბურთელთა მიერ ფეხბურთზე წერისა. ეს იყო 60-იან წლებში და იმ დროის წიგნაკები შოთა იამანიძისა და ავთანდილ ღოღობერიძისა დღესაც საინტერესოა. საუცხოოა დიდი ანდრო ჟორდანიას „ფიქრები ქართულ ფეხბურთზე“, მაგრამ იმას აქეთ აგული ერისთავის სიცარიელეა.
თბილისის „დინამოს“ ბრწყინვალე თაობა ისე გაჭაღარავდა, რომ გადახდილი ბრძოლებისა, საკუთარი ფიქრის, დარდის და სიხარულისა ერთი სტრიქონიც კი არ გამოიმეტა ჩვენთვის. მთელი დიდი ისტორია თასის ეპოქისა ხალხის ლაპარაკით, ჭორით და ლეგენდებით გადაეცემა ახალგაზრდობას. ასევე ზეპირსიტყვიერების დონეზეა გაჩერებული ჩვენს ვარსკვლავთა ცხოვრების და კარიერის ამბები.
თავად ვარსკვლავები კი არც კი ფიქრობენ იმის შესახებ, რომ საკუთარი თავგადასავალი მოგვითხრონ.
წარსული კი ყოველდღიურად გვშორდება – თან ესეცაა, ძნელია კაცმა წარმოიდგინო, რომ რომელიმე ქართველი ვარსკვლავი გამორჩეულად კი ახალი დროისა, იმგვარი გულღიაობით დაწერს საუკთარ თავსა და თამაშზე, როგორც ამას ტონი ადამსი აკეთებს.
და მაინც, ლოზუნგი:
ვეტერანებო, დაწერეთ!
ტყუილს და მართალს ხალხი იოლად გაარკვევს. წიგნი კი დარჩება როგორც ისტორია. ისტორია კი, მოგეხსენებათ, პირველი რამეა.
31.10.1998