რაგბის უმთავრესი ტურნირი, მსოფლიოს IX თასი გადამწყვეტ ფაზაში გადადის. 4 ჯგუფის გამარჯვებულ-მეორეადგილოსნები პლეი-ოფში გავიდნენ, სადაც 4 წყვილი შეადგინეს.

და ვიდრე მომავალ რკენებზე ვისაუბრებდეთ, ჯგუფურ ეტაპს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი.

A ჯგუფში მოხდა ის, რასაც ყოველი მსოფლიო თასის წინ ველით და რაც საბოლოოდ არ ხდება ხოლმე. სპორტის ამ სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასში ძალიან იშვიათია სენსაციები და რანგით უფრო მაღალი გუნდი პრაქტიკულად ყოველთვის ამარცხებს წყვილის აუტსაიდერს და ინტრიგა მხოლოდ ბობოლების დაპირისპირებებშია.

ჰოდა, ამ ჯგუფმა ეს ნავსი გატეხა! უფრო სწორედ, ეს იაპონიის შესანიშნავმა ნაკრებმა მოახერხა. 4 წლის წინანდელ მსოფლიო თასზე „საკურებმა“ სამხრეთ აფრიკის ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე დაამარცხეს, მაგრამ შემდეგ ვეღარ იყოჩაღეს და ჯგუფში მაინც ჩარჩნენ. წლეულს კი, საშინაო მსოფლიო თასზე ამომავალი მზის ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა ტიერ 1-სა და ტიერ 2-ს შორის არსებული, პირდაპირ ვთქვათ, მანკიერი ზღვარი გაარღვია და სულაც წაშალა კიდეც. ცხადია, ტურნირის სასტარტო მატჩში მათ მიერ რუსეთის ნაკრების ძლევა არავის გაკვირვებია, მაგრამ რაც ამის მერე მოხდა, მსოფლიო რაგბის ისტორიაში ცალკე თავად ჩაეწერება.

იაპონელებმა მომდევნო მატჩში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი – ირლანდიის ნაკრები 19:12 დაამარცხეს, არადა მანამდე „სამყურებს“ შოტლანდიელები თითქმის ნულზე ჰყავდათ განადგურებული – 27:3.

ეს არ კმაროდა და იაპონიის ნაკრებმა ჯგუფის ბედის განმსაზღვრელ მატჩში ხსენებულ სქოთებს ასევე 7-ქულიანი უპირატესობით მოუგო (28:21) და ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა! ეს უნიკალური მიღწევაა გუნდისთვის, რომელიც არც ევროპული „ექვსი ერის“ მონაწილეა და არც სამხრეთულ ტოპ-ოთხეულში შედის. შედეგად, „საკურებმა“ მსოფლიო რაგბის რეიტინგში თავისთვის სარეკორდო მე-7 საფეხურს უწიეს და უკან ხსენებური ტოპ-ტურნირების ერთბაშად 4 მონაწილე მოიტოვეს – საფრანგეთი, არგენტინა, შოტლანდია და იტალია! იაპონიასთან ერთად მეოთხედფინალში ირლანდია გავიდა, ხოლო შოტლანდია პლეი-ოფს მიღმა დარჩა.

B ჯგუფში ყველაფერი ლოგიკურად წარიმართა და სპეციალისტთა დიდი ნაწილის მტკიცებით, პირველ ტურში მომავალი ფინალის რეპეტიცია შედგა – ახალი ზელანდია სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ. „ოლ ბლექსმა“ ეს „მოთელვა“ 23:13 მოიგო, ზედაც ნამიბია და კანადა მიაყოლა – ჯამური ანგარიშით 134:9, ხოლო ბოლოს იტალიასთან განავარდების შანსი ტაიფუნმა „ჰაგიბისმა“ წაართვა, რომლის გამოც მსოფლიო თასის ეს და კიდევ სხვა მატჩები გაუქმდა.

„ქურციკებმა“ მეორე ადგილი დაუძაბავად დაიკავეს – იტალია-ნამიბია-კანადა მიანგრ-მოანგრიეს, ჯამში 172:13(!) იმარჯვეს და პლეი-ოფში გავიდნენ.

C ჯგუფი „სიკვდილის ჯგუფად“ იყო მონათლული და მსხვერპლის როლში საბოლოოდ არგენტინის ნაკრები აღმოჩნდა, რომელმაც სტარტზე უდრამატულეს მატჩში ფრანგებთან ბოლო წამებზე გაცუდებული საჯარიმო დარტყმის გამო დამარცხდა – 21:23. თუმცა, ეს არაა „პუმებისთვის“ გამართლების საბაბი, რადგან ჯგუფის მეორე საკვანძო მატჩი ინგლისელებთან 10:39 წააგეს, ხოლო ინგლისისა და საფრანგეთის დაპირისპირება ხსენებულმა ტაიფუნმა გააუქმა…

D ჯგუფის პერიპეტიებზე კი ბევრი სალაპარაკო არაფერია. აქ ჩვენი ნაკრები იყო და იქ მომხდარ ამბებს თვალს ძალაუნებურად ყველა ვადევნებდით. აქ უელსმა იპირველა, რომელმაც ოთხივე მატჩი მოიგო, მეორეზე ავსტრალია გავიდა, ვისაც სწორედ უელსელებმა მოუგეს, ხოლო ფიჯი მესამეზე დაფუძნდა – 1 მოგება 3 მარცხის წილ. ბორჯღალოსნებმა, როგორც მოგეხსენებათ, შეჯიბრება ასეთივე ბალანსით, მაგრამ ნაკლები ბონუს-ქულებით, მეოთხე საფეხურზე დაასრულეს, და უკან მხოლოდ ურუგვაი მოიტოვეს, რომელმაც ასევე ერთი მატჩი მოიგო და სამში დამარცხდა, თუმცა ბონუსებს თავი საერთოდ ვერ მოუყარა.

შაბათს, თბილისის დროით 11:15 სათზე პირელი მეოთხედფინალური მატჩი დაიწყება: ინგლისი – ავსტრალია. რასაკვირველია, ბრიტანელები აშკარა ფავორიტებად მიიჩნევიან – ზოგადად უფრო ავტორიტეტულები არიან დღევანდელ მსოფლიო რაგბში და მიმდინარე ტურნირზეც ავსტრალიელებზე გაცილებით სოლიდურად გამოიყურებიან. შემადგენლობაც უფრო დაბალანსებული აქვთ და მწვრთნელიც თანამედროვე რაგბში ყველაზე ცნობილი ჰყავთ. ედი ჯოუნსი – ბედის ირონიით, ავსტრალიელი სპეციალისტი, რომელმაც ოთხი წლის წინანდელ მსოფლიო თასსზე იაპონელებს უხელმძღვანელა და რასაც მიაღწევინა, ზემოთ აღვწერეთ. ავსტრალიას კი არ უდგას საუკეთესო პერიოდი. ამ ქვეყნის რაგბის კავშირმა სხვადასხვა მიზეზების გამო რამდენიმე სუპერვარსკვლავზე თქვა უარი და რა შემადგენლობაც მოაგროვა, ის უმაღლესი მიზნებისთვის საკმარისი ნამდვილად არ უნდა იყოს.

მომდევნო მატჩი შაბათსვე 14:15-ზე დაიწყება, ერთმანეთს ახალი ზელანდია და ირლანდია დაუპირისპირდებიან – მსოფლიო კლასიფიკაციის პირველი და მეოთხე ნომრები. მიუხედავად ამისა და კიდევ იმ ფაქტისა, რომ ირლანდია ერთადერთი ევროპული ნაკრებია, რომელმაც ბოლო წლებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი „ოლ ბლექსის“ დამარცხება მოახერხა, ამ წყვილის გამოკვეთილი ფავორიტი ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდია. ირლანდაიმ „თავი უკვე მოიჭრა“, როცა იაპონელებთან წააგო, ხოლო ზელანდიელები ჯგუფის მატჩებში თავის ძლევამოსილებაში ეჭვის შეტანის საბაბი წამითაც არავის მისცეს. ეს მართლაც უბრწყინვალესი ნაკრებია, რომელსაც სპეციალისტების დიდი უმრავლესობა ზედიზედ მესამედ გაჩემპიონებას უწინასწარმეტყველებს.

კვირასაც ორი მატჩია. დილის 11:15-ზე ერთმანეთს უელსი და საფრანგეთი დაეჯახებიან. მართალია, უელსელებმა ჯგუფის ოთხივე მატჩი მოიგეს, მაგრამ მათ თამაშში ხარვეზი უხვად იყო და ამ სუსტი წერტილებით ურუგვაელთა გარდა ჯგუფის ყველა დანარჩენმა მონაწილემ ისარგებლა. თუმცა, ამ მხრივ ფრანგებს უელსამდე დიდი დისტანცია აშორებს. „ლურჯებს“ პრობლემები აბსოლუტურად ყველა ხაზში აქვთ და გუნდი მხოლოდ ეპიზოდურად აჩვენებს თავისი შემადგენლობის შესაფერის თამაშს. ამდენად, ამ წყვილში ფავორიტი გამოკვეთილია – „ექვსი ერის“ დიდი სლემით მომგებ უელსს უკიდურესად არასტაბილური ფრანგების ძლევა არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა მაინც ყველაფერია მოსალოდნელი.

და ბოლოს, 14:15-ზე ერთმანეთს იაპონია და სამხრეთ აფრიკა დაუპირისპირდებიან. აქ პარადოქსული სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალზელანდიელი ჯეიმი ჯოზეფის მიერ საუცხოოდ გაწვრთნილმა იაპონელებმა ორი ფანტასტიკური შედეგი (ირლანდიისა და შოტლანდიის დამარცხება) უკვე დადეს, მათთან შეხვედრაში სამხრეთაფრიკელებს გამარჯვების უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა მეოთხედფინალური წყვილის ფავორიტს თავის მეტოქესთან. ჯერ ერთი, „ქურციკებს“ ახსოვთ ის მწარე მარცხი, რომელიც „საკურებისგან“ 2015-ში იგემეს, მეორე ის, რომ მსოფლიო თასისწინა ტესტ-მატჩში სამხრეთ აფრიკამ იაპონიას უკვე მოუგო, თან საკმაოდ დამაჯერებლად, და მესამე და მთავარი ფაქტორი კი ის გახლავთ, რომ წლევანდელი სამხრეთ აფრიკა და 4 წლის წინანდელი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. საყოველთაო აღიარებით, ტურნირის მოგების მთავარი პრეტენდენტების სიაში „ქურციკები“ მხოლოდ „ოლ ბლექსს“ ჩამორჩებიან, იმდენად მძლავრი გუნდი ჰყავთ.

ესაა და ეს, ჩვენ კი ნერვიულობას მოვრჩით და ახლა უკვე უმაღლესი დონის რაგბით ტკბობის პერიოდი გვეწყება.