ყურადღება! ამ ტექსტის კითხვის პროცესში, აუცილებლად მოისმინეთ მოცარტის ლაკრიმოსა

მუსიკის ძალა რაშია? – ვხვდებით ისეთ ნოტებს, რომლებიც ბუნებრივად სამყაროში არ მოიძიება, ის უნდა შექმნა. ძალიან კარგი, მაგრამ რა შეგვიძლია ვუწოდოთ იმ ფენომენს, რომელიც არც კი გვეგონა რომ დაიბადებოდა და მაინც გაჩნდა? – ასეთ შემთხვევებს განსაკუთრებული აღიარება სჭირდებათ.

ფენტეზის ჟანრის ფილმებში გვხვდება მონუმენტური სკულპტურები, ქალაქის შესასვლელთან მგზავრებს რომ ეგებებიან, რეალურად კი, ოდესღაც როდოსის კოლოსი არსებულა, საბერძნეთში გამოქანდაკებული – იმ ქვეყანაში, სადაც ოლიმპიური თამაშები შეიქმნა. დიდმა ბერძენმა პოეტმა, პინდაროსმა ოლიმპიური, პითიური, ნემეური თუ ისთმოსური ოდებით სპორტი რიგითი შეჯიბრების ასპარეზს მოარიდა და ხელოვნების სამყოფელში გადაიყვანა.

წარმოიდგინეთ, ბუენოს აირესის პორტში რომ შედიხარ და ცამდე აღმართული მესისა და მარადონას ქანდაკებებს შორის გიწევდეს გავლა.

ან ჰამბურგში შედიხარ და კაიზერ ფრანცი გერდ მიულერთან ერთად გერმანული ფეხბურთის დიდებას გაგრძნობინებს.

ან მადეირაში შესვლამდე, კრიშტიანუ რონალდუს გავლა გიწევდეს, ისე, ფეხებს რომ გაშლის, ხელებს გულზე გადაიჯვარედინებს, თითქოს მთელ სამყაროს ემუქრება.

განა მოიძებნება ადამიანი, ვინც შვეიცარიას საერთაშორისო სარბიელზე სახელი ისე გაუთქვა, როგორც როჯერ ფედერერმა? მისი ძეგლი ამ ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან უნდა ჩანდეს.

ჰაკუჰოს სკლულპტურა, იაპონიაში თუ არა, მონღოლეთში მაინც უნდა დაიდგას. ეს სპორტი მე-17 საუკუნიდან არსებობს, „თეთრმა ფენიქსმა“ კი, ამდენი საუკუნის შემდეგ, სუმო სხვა სიმაღლეზე აიყვანა. მან იმპერატორის თასი 42-ჯერ მოიგო. თუმცა, დასრულებული ჯერ არაფერი არის.

ამ ხალხზე აღმატებით ტონში საუბარი შეიძლება. აქედან ზოგიერთმა კარიერა უკვე დაასრულა და, ვისაც ჯერ არ დაუსრულებია, უკვე იმ სიმაღლეზეა, უფრო შორს წასვლა რომ შეუძლებელია.

რონალდუმ წინა სეზონში კარიერაში მონაწილეობა ყველაზე ცოტა შეხვედრაში მიიღო.

მესიმ ყველაზე მეტი ტრავმა მიიღო, რაც კი აქამდე ერთ წელიწადში გადატანილი ჰქონდა.

როჯერ ფედერერმა 2019 წელს დიდი სლემი ვერ მოიგო. რაფა ნადალს კარიერაში ყველაზე უკეთესი სეზონი ჰქონდა, თუმცა ასაკი ემატება, მასტერსებზე ხშირად ვეღარ გამოდის და ტრავმატული ჩოგბურთელიცაა. ნოვაკ ჯოკოვიჩი თითქოს საუკეთესო ფორმაში იყო, მაგრამ შანხაიში ციციპასმა შანსი არ დაუტოვა.

ისე ჩანს, ჰაკუჰო ბოლო 2 წელიწადში მხოლოდ 2 იუშოთი (იმპერატორის თასი) დაკმაყოფილდება. მან რაც ამ ტიტულს გემო გაუსინჯა, ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ლებრონ ჯეიმსი სუპერ-ფინალის კი არა, საერთოდ პლეი-ოფს მიღმა დარჩა…

როგორც ჩანს, გენიოსების რექვიემი დასასრულისკენ მიდის. ვისურვებდით ყველანი ბენჟამინ ბატონები იყვნენ და მათი წლები პირიქით, გაახალგაზრდავებისკენ მიდიოდეს.

სამწუხაროდ, ბუნებაში 28 წლის ლებრონს, რაფას, ნოლეს, როჯერს, მესის, რონალდუს თუ ჰაკუჰოს ვეღარ ვნახავთ.

ეს კი მოცარტის რექვიემის ბოლო ნაწილი – „ლაკრიმოსაა“.

მალე ყველაფერი მორჩება…

 

წილი
წინა სტატიაბათუმს ქათქათასს!
შემდეგი სტატიამოძრავი მარათონი
გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.