რასიზმი არა მხოლოდ ფეხბურთის, ზოგადად, 21-ე საუკუნის სენია, თუმცა თუ ამ პრობლემას მხოლოდ სპორტულ ჭრილში განვიხილავთ, მაშინ ამ მდაბიო გამოხდომებს ადგილი ყველაზე ხშირად სწორედ სტადიონის ტრიბუნებზე აქვს. ამა თუ იმ ქვეყნის ან კლუბის გულშემატკივრები მეტოქე გუნდის ფერადკანიან ფეხბურთელებს შეურაცხყოფას რასისტული შეძახილებით აყენებენ.

ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული სკანდალი კი სოფიაში ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩზე მომხდარ უკავშირდება, სადაც ბულგარეთი ინგლისთან 0:6 გადადგურდა.

მატჩი ორჯერ შეწყდა, რადგან რამდენიმე ინგლისელი ფეხბურთელის მისამართით ტრიბუნებიდან წამოსული რასისტული შეძახილების ნიაღვარის ატანა უკვე შეუძლებელი იყო. სხვათა შორის, ბულგარელი ქომაგების ამ სამარცხვინო საქციელმა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი შეიწირა. ბორისლავ მიხაილოვი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა, ხოლო მოგვიანებით ბულგარელმა სამართალდამცავებმა ის გულშემატკივრებიც დააკავეს და გისოსებს მიღმა უკრეს თავი.

ხრისტო სტოიჩკოვს ფეხბურთის ქომაგებისთვის წარდგენა არ სჭირდება. ახლო წარსულში ბულგარული ფეხბურთის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელმაც სახელი „ბარსელონაში“ თამაშით გაითქვა, თანამემამულეების მხრიდან ასეთი უხამსი საქციელით აღშფოთებულია და უეფას მოუწოდებს, რადიკალურ ზომებს მიმართოს.

„ის რაც მოხდა ახსნას ვერ ვუძებნი. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს დიდი ხნის მანძილზე სტადიონზე გულშემატკივრების დასწრებას ავკრძალავდი. იქნებ ასე მაინც ისწავლონ ჭკუა. მეტიც – უეფას ვუწევ რეკომენდაციას ბულგარული კლუბები 5 წლით ევროტურნირებიდანაც მოკვეთონ,“ – ამბობს ხრისტო სტოიჩკოვი.

სხვათა შორის, სტოიჩკოვმა ერთ-ერთ გადაცემაში, რომელიც მომხდარი სკანდალის განხილვას ეძღვნებოდა ცრემლები ვერ შეიკავა და თავი ჩაღუნა.