ძვირფასო ზაზა!

ქართული კალათბურთის ლეგენდავ!

დიდო სპორტსმენო და კეთილო ადამიანო!

ემოციები გვძლევს და აღარც კი ვიცით, როგორ მოგმართოთ…

ემოციები გვძლევს, რადგან არ შეიძლება შენზე უემოციოდ საუბარი…

მხოლოდ იმიტომ არა, რომ ქართველი ხარ და ქართველები გწერთ!

მხოლოდ იმიტომ არა, რომ მსოფლიოს საკალათბურთო სარბიელზე სახელი გაუთქვი შენს პატარა სამშობლოს!

მხოლოდ იმიტომ არა, რომ NBA-ს ორგზის ჩემპიონი ხარ და პირველი ქართველი, ვინც ასეთ წარმატებას მიაღწია!

მხოლოდ იმიტომ არა, რომ თბილისში NBA-ს საკალათბურთო აკადემია დააარსე და შენი წყალობით ასობით ქართველი ბავშვი ეუფლება სპორტის ამ ულამაზეს სახეობას!

მხოლოდ იმიტომ არა, რომ კეთილშობილი ოჯახის შვილი ხარ და, ვინც გიცნობს, ყველა მეგობრობისა და ერთგულების ეტალონად მიგიჩნევს!

მხოლოდ იმიტომ არა, რომ შენი თამაშების პირდაპირი რეპორტაჟების სანახავად კალათბურთის ქართველი ქომაგები ღამეებს ვათენებდით!

მხოლოდ იმიტომ არა, რომ შენი გუნდის, „გოლდენ სტეიტ უორიორზის“, ერთ-ერთ თამაშზე ოკლენდში „შვიდკაცა“ ჩაიყვანე და აშშ-ისა და საქართველოს ჰიმნები შეასრულებინე, ქართული პოლიფონიით აღაფრთოვანე ამერიკელები!

მხოლოდ იმიტომ არა, რომ ოთხი შვილის მამა ხარ და არაჩვეულებრივი მეუღლე, თიკო, გიმშვენებს გვერდს!

მხოლოდ იმიტომ არა, რომ მამით ადრე დაობლებულს დედა, უმშვენიერესი ქალბატონი მარინე გზრდიდა და ხელს გიწყობდა, რომ ღირსეულ კაცად და დიდ სპორტსმენად ჩამოყალიბებულიყავი!

მხოლოდ იმიტომ არა, რომ NBA-ს ჩემპიონი შენი საყვარელი საქართველოს დროშას აფრიალებდი!

მხოლოდ იმიტომ არა, რომ ამ ყველაფერს თავდაუზოგავი შრომითა და თავდადებით მიაღწიე!

მხოლოდ იმიტომ არა, რომ უამრავმა ადამიანმა საქართველო სწორედ შენი ბრწყინვალე სპორტული მიღწევების წყალობით გაიცნო!

მხოლოდ ამიტომ არა, ზაზა…

თუმცა ამიტომაც, და კიდევ იმიტომ, რომ ღირსეული და კეთილი ადამიანი ხარ! პატრიოტი, მოსიყვარულე, შენი სამშობლოს სამაგალითო მოქალაქე…

ჩვენო ზაზა!

როდესაც დიდი კალათბურთიდან მიდიოდი, აქტიურ სპორტს ემშვიდობებოდი, საქართველოს კალათბურთის მესვეურებს რატომღაც დაენანათ შენთვის კეთილი სიტყვების თქმა… სანთლით ვეძებდით მათგან მადლობას ყოველივე იმისთვის, რაც შენ სამშობლოსთვის, ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის, უცხოეთში საქართველოს სახელის ღირსეულად გატანისთვის გააკეთე.

მაგრამ ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ, ზაზა! ეს „ქართული ფენომენი“ გულს ნუ დაგწყვეტს, რადგან შენ საქართველოს დროშა აფრიალე და თან ისე, როგორც შენამდე ვერავინ მოახერხა…

გახსოვდეს, რომ შენი ლამაზად ნატყორცნი ყველა ბურთი შენი სამშობლოს, კალათბურთის ყველა ქართველი ქომაგის გულის კალათაში ვარდებოდა!!!

ვახტანგ ცხადაძე

მაია დოქსოპულო

თამაზ ჩიხლაძე

მერაბ ადეიშვილი

თემურ ბენდიაშვილი

დათო კაკაბაძე

მერაბ ქუთათელაძე

ზურაბ გუმბერიძე

თედო ჯაფარიძე

ნინო ჯიბლაძე

P.S. ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ ღია წერილს კიდევ ათასობით გულშემატკივარი მოაწერდა ხელს. კალათბურთისა და ზაზა ფაჩულიას ქომაგს საქართველოში რა გამოლევს…