კვირას, 20 ოქტომბერს, პრემიერლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედი” „ლივერპულს” მასპინძლობს და მანჩესტერელთა მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი პრობლემის წინაშეა: დავიდ დე ხეა და პოლ პოგბა დროულად გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებენ.

15 ოქტომბერს, შვედეთისა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრაში (1:1) დე ხეა მე-60 წუთზე შეცვალეს. ის მოედანზე დაეცა. არადა, ორთაბრძოლაში არ მონაწილეობდა — მიგორებული ბურთისთვის ფეხი უნდა დაერტყა. ესპანელმა თამაშის გაგრძელება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. ის „ჩელსის” მეკარით კეპა არისაბალაგათი შეცვალეს.

„სკაი სპორტთან” ინტერვიში სულშერმა თქვა: „დავიდს სკანირება სჭირდება. ვფიქრობ, მას „ლივერპულთან” შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. ყოველ შემთხვევაში, ტელევიზორში რომ ვუყურებდი დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იოლი ტრავმა არ იყო. რაც შეეხება პოლს, ის ადრე იყო დაშავებული და გამოჯანმრთელდა. დაბრუნდა, მუხლჩაუხრელი ვარჯიშობდა, რამდენიმე შეხვედრაში ითამაშა, მაგრამ ეტყობა, ამას ტკივილის ზღვარზე აკეთებდა. შეიძლება, „არსენალთან” თამაშის შემდეგ ერთ-ორ კვირიანმა დასვენებამ მასზე კარგად იმოქმედოს. იმედია, მალე გამოჯანმრთელდება, მაგრამ „ლივერპულთან” ვერ ითამაშებს”.

ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედის” კარს „ლივერპულთან” შეხვედრაში არგენტინელი სეხიო რომერო დაიცავს.  რაც შეეხება პოგბას, ის მზესა და სიცხეში რეაბილიტაციისთვის დუბაიში იყო მივლინებული, მაგრამ 26 წლის ვარსკვლავმა დროულად გამოჯანრთელება ვერ შეძლო.