გიბრალტართან ევროშესარჩევ მატჩში ძირითად შემადგენლობაში დებიუტანტი ჰქონდა შვედური „გიოტებორგის“ ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილს, ვინც ერთი გოლი გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ისე დაშავდა, მოედნიდან საკაცით გასაყვანი გახდა.

ექიმებს ეჭვი ტვინის მძიმე შერყევაზე ჰქონდათ, თუმცა სფფ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარისას 23 წლის ფეხბურთელმა ქომაგები დაამშვიდა:

„თავს კარგად ვგრძნობ. რაც შეეხება ჩემ თამაშს, რა თქმა უნდა, სასიხარულოა საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში და სადებიუტო გოლი, ორმაგად საპასუხისმგებლოა. ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას და სამი ქულის მოპოვებას. რაც შეეხება შეჯახების მომენტს, საკმაოდ ძლიერი შეტაკება იყო, შემდეგ გადამიყვანეს ჰოსპიტალში ჩვენი გუნდის ექიმთან ერთად, შესაბამისი კვლევები ჩამიტარდა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად არის და უკვე მომდევნო თამაშებზე ვფიქრობ. მადლობა ნაკრების სამედიცინო ჯგუფს, ჩემ გულშემატკივარს, ვინც გოლის და შეჯახების ეპიზოდის შემდეგ გამომეხმაურა და მამხნევებდა“,-თქვა ხარაიშვილმა.

ფეხბურთელი უკვე შვედეთშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.