ერთი პერიოდი ტოპ ჩოგბურთელებისთვის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა პრიორიტეტულად არ ითვლებოდა. სამეფო სპორტი ზაფხულის ოლიმპიადის ნაწილი მისი დაარსებიდანვე ანუ 1896 წლიდან იყო, ვიდრე 1924 წელს თამაშების პროგრამიდან არ ამოიღებდნენ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ჩოგბურთი ხუთ რგოლში 1988 წელს სეულში დაბრუნდა და დღემდე მისი განუყრელი წევრია მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე მეჩოგნეები რატომღაც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას უარობდნენ. ამის უმთავრესი მიზეზი საპრიზო ფონდის არარსებობა იყო, რასაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – რეიტინგი უნდა დავუმატოთ. ოლიმპიურ თამაშებზე, მთლად ჩემპიონობის შემთხვევაშიც, ჩოგბურთელს კლასიფიკაციაში ქულები არ ერიცხება, რაც ალბათ განაპირობებდა კიდეც ტოპ მოთამაშეების მხრიდან თავის შეკავებას.

21-ე საუკუნეში ეს ტენდენცია შეიცვალა და ვარსკვლავი ჩოგბურთელებიც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას აღარ თაკილობენ. პირიქით, სულ უფრო პრესტიჟული ხდება. ამის დასტური 2008 წლის პეკინის ოლიმპიადა გახლდათ, სადაც როჯერ ფედერერი გახსნის ცერემონიალზე შვეიცარიის დელეგაციის მედროშე გახლდათ. იგივე პატივი ერგო რაფაელ ნადალსაც. იმავე პეკინში როჯერი სტენ ვავრინკასთან ერთად წყვილთა შორის ჩემპიონი გახდა და დიდი სლემების 20-გზის გამარჯვებულმა სიხარულის ცრემლები ვეღარ შეიკავა. ფედერერი 2012 წელს ლონდონშიც იმყოფებოდა, სადაც ერთეულთა თანრიგში ბრინჯაოს დაეუფლა, ისე კი ლეგენდარული შვეიცარიელი მეჩოგნე ოლიმპიადებზე თავისი ქვეყნის დელეგაციაში ოთხჯერ (2000, 2004, 2008, 2012) ყოფილა. როჯერ ფედერერი, 2016 წელს არც რიოში ყოფნაზე იტყოდა უარს, მაგრამ იმ პერიოდში მხრის ოპერაცია ახალი გადატანილი ჰქონდა და რეაბილიტაციის კურსს გადიოდა.

გაისად, ტოკიოს ოლიმპიადაზე კი „რკინის როჯერი“ კვლავ დაიცავს თავისი ქვეყნის სპორტსმენთა ღირსებას და შეეცდება მის არაჩვეულებრივ კოლექციას ერთეულთა შორის ოლიმპიური ოქროც დაამატოს. ეს ამბავი მან გულშემატკივრებს უკვე ოფიციალურადაც ახარა.
„გადაწყვეტილება უყოყმანოდ მივიღე. კი, თვეზე მეტხანს გუნდთან მქონდა კამათი, იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ იმთავითვე ვიცოდი, რომ ვერ გადამაფიქრებინებდნენ. სასწაული განცდაა, როდესაც კორტზე არა რომელიმე ბრენდის, არამედ შენი ქვეყნის მაისურა გაცვია და სამშობლოსთვის თამაშობ. ამიტომაც, გადაწყვეტილების მიღება დიდად არ გამჭირვებია. გონებასთან ერთად გულმაც მიკარნახა, რომ ტოკიოში შვეიცარიელ სპორტსმენების გვერდით უნდა ვიყო“, – ამბობს 38 წლის მაესტრო.

ამრიგად, ტოკიოს ოლიმპიადა როჯერ ფედერერისთვის რიგით მეხუთე იქნება. რაც შეეხება მოქმედ ჩემპიონს, ის ბრიტანელი ენდი მარია. შოტლანდიელმა ჩოგბურთელმა ლონდონის შემდეგ რიოშიც იმარჯვა. ფინალში მან იაპონელი კეი ნიშიკორი დაამარცხა.

წილი
წინა სტატიამსოფლიო ქვიშაში
შემდეგი სტატიაბითაძე – 14
ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...