შეჯამების დროც დადგა. ემოცია დაცხრა, გული დამშვიდდა და ცივ გონებაზე ნანახის შეფასების საშუალებაც გაჩნდა.
დავიწყოთ შედეგით. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს IX თასზე D ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა და ამით ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. გლობალურად ესაა მე-14 ადგილი იაპონიაში ჩასულ 20 ნაკრებ გუნდს შორის და დღევანდელი რეიტინგიც შესაბამისია – „მსოფლიო რაგბის“ მიმდინარე კლასიფიკაციაში ბორჯღალოსანთა გუნდი მე-14 საფეხურზეა.
ასეთი შედეგის ერთი გარემოებით ახსნა შეუძლებელია. მიზეზი იმაზე მეტიც კია, რაც ზედაპირზე დევს, თუმცა, სჯობს ყველაფერზე თანამიმდევრობით ვთქვათ.
დავიწყოთ ყველაზე ობიექტური ფაქტორით. ცხადია, მე-3 ადგილისთვის ბრძოლა არცერთ სხვა შესარჩევ ჯგუფში არ ყოფილა ასე მძაფრი, როგორც ჩვენსაში. A ჯგუფში მესამეზე შოტლანდია გავიდა, რომელიც მომდევნოებს – სამოასა და რუსეთს რამდენიმე დონით აღემატება; უფრო დიდი სხვაობაა C ჯგუფის მესამე ადგილოსან არგენტინასა და აუტსაიდერებს – ტონგელებსა და ამერიკელებს შორის; B ჯგუფშიც იტალიას საერთოდ არ გასჭირვებია ურთიერთობის გარკვევა ნამიბიასა და კანადასთან. აი ჩვენ კი, მესამე ნომრებად განთესილებს შორის ყველაზე მძიმე კენჭი შეგვხვდა წილისყრისას – ფიჯი და ურუგვაი! ურუგვაელებს იოლად კი ვაჯობეთ, თანაც ნახევრად სათადარიგოებით, მაგრამ ფიჯი?! მსოფლიო რაგბის კაშკაშა ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდ აღმავლობას განიცდის და სწორი თამაშის შემთხვევაში ნებისმიერი გრანდისთვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს… მოკლედ, ამ მხრივ აშკარად დავიჩაგრეთ. ამას დავუმატოთ, რომ ორგანიზატორების მიერ შედგენილი კალენდარი საერთოდ გაურკვეველი პრინციპით იყო ჩამოწერილი და საქართველოს ნაკრებს 3-დღიანი ინტერვალით მოუწია ტურნირზე უმთავრესი მატჩების გამართვა.
პლუს ამას, მსაჯობაც საოცარი იყო. ერთსა და იმავე დარღვევაზე, მაგალითად, ერთი მხრივ ქართველის და მეორე მხრივ ავსტრალიელისა თუ ნებისმიერი სხვა ბობოლა გუნდის წარმომადგენლის მიმართ განსხვავებული სანქციები გამოჰქონდათ. ორმაგი სტანდარტები და გრანდებისკენ მიკერძოება თვალშისაცემი ფაქტობრივად ყველა მატჩში იყო და ტიერ 2-ის გუნდები ამის გამოც ძლიერ დაიჩაგრნენ.
ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებიც ამით ამოიწურა. და რა დავაკელით ჩვენ თვითონ? მივყვეთ სპორტის აქსიომას, იგებს გუნდი და აგებს – მწვრთნელი. დიახ, ეს მსოფლიო თასი მილტონ ჰეიგმა წააგო. ყოველ შემთხვევაში მას მიუძღვის ლომის წილი ამ წარუმატებლობაში. მე-4 ადგილზე გასვლა თავისთავად კატასტროფა სულაც არაა, რადგან ბორჯღალოსნები 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს ისედაც უპრობლემოდ მოიპოვებენ. საქმე ქართული რაგბის აღმავლობის გზაზე მდგომის სტატუსიდან ერთ ადგილზე გაჩერებული გუნდის იმიჯით ჩანაცვლებაა. თუ სარაგბო ერი პროგრესირებს, ის წინ უნდა მიდიოდეს და არა უკან. წინ, როგორც იგივე ფიჯი ან საოცარი იაპონია და არა უკან, როგორც ჩვენ.
დღემდე ვერ გამიგია, რატომ აირია ჩვენი გუნდი ფიჯელებთან ჯახში მაშინ, როცა ეს მეტოქისგან იყო მოსალოდნელი? რა აზრი ჰქონდა ვასილ ლობჟანიძის, ლაშა ხმალაძის და სოსო მათიაშვილის მიერ ბურთის მუდმივად მოშორების მცდელობებს? „მფრინავ ფიჯელებთან“ ბურთზე კონტროლის სურვილის ნაცვლად მისი სწრაფი მოშორება რომელ ტაქტიკურ მონახაზში ჩაჯდა? ძნელი წარმოსადგენია, ხსენებულ მორაგბეებს თვითნებობა გამოეჩინათ და ფეხით შორეული დარტყმები მათი იმპროვიზაცია იყო. ამით ამ კუნძულელებს ხელ-ფეხს ხომ თავად ვუხსნიდით მათი გაკოჭვის მაგივრად. ეს ხომ ცხადზე ცხადი იყო. აგერ, ავსტრალიას და უელსს ლამის იგივე დამართეს, სანამ ამ უკანასკნელებმა საკუთარი თამაში არ მოახვიეს თავს.
და რა იყო ჩვენი „საკუთარი თამაში“? წესითა და რიგით, ეს უნდა ყოფილიყო ძლევამოსილი ქართული შერკინების დომინაცია და მისი დახმარებით – ბურთის ხანგრძლივი კონტროლი. ამ მსოფლიო თასზე გამოჩნდა, რომ ქართული შერკინების უძლეველობა მითია. დღემდე ამოცანად რჩება, რა საჭირო იყო მძიმე და სუპერმიმწოლი მიშა ნარიაშვილის შეწყვილება გაცილებით მსუბუქ და მიწოლაში არცთუ გამორჩეულ ბექა გიგაშვილთან? გასაგებია, რომ გახსნილ თამაშში მოძრავი ბექა ძალიან სასარგებლო და ეფექტიანია, მაგრამ როცა მისაწოლია, პირველ ხაზში ნარიაშვილის ტოლი მიმწოლი უნდა იდგეს, ამ ვითარებაში კი სტატიკაში მიშას მუდმივად აჯარიმებდნენ შიგნით მიწოლასა და შერკინების დატრიალებაში. და ძირითადად, ჩვენი შერკინება საათის ისრის მიმართულებით ტრიალებდა კიდეც, მიშა აწვებოდა და ბექა – ვერა.
უელსთანაც და ურუგვაისთანაც გუნდში საუკეთესო ლევან ჩილაჩავა იყო, მაგრამ მომდევნო ორ მატჩში ის განაცხადს მიღმა აღმოჩნდა. ძნელი ასახსნელია, რატომ შეიძლება ნარიაშვილ-ჩილაჩავას წყვილი წარმატებით თამაშობდეს „მონპელიეში“, ხოლო საქართველს ნაკრებში ველოსიპედი იყოს გამოსაგონებელი?
დააკლდა გუნდს კარლენ ასიეშვილის შემტევი პოტენციალიც. სწორედ მან დაუდო სქოთებს ლელო ტესტ-მატჩში და საერთოდაც, მშვენიერ ფორმაში იყო. აღმოჩნდა, რომ გიორგი ჩხაიძეც არ დასხმია ჰეიგის თავს მთლად უსაფუძვლოდ. თუკი ტრავმირებული შარიქაძის იაპონიაში წაყვანა გადაწყდა, რატომ არ გაკეთდა იგივე მერაბ კვირიკაშვილის მიმართებით? მესამე მატჩამდე მეკოც მომჯობინდებოდა და მისი გამოცდილება გუნდს ძლიერ წაადგებოდა, ისევე როგორც მამუკა გორგოძისა. მამუკა ცალკე თემაა, ეს კაცი ნამდვილი ფენომენი და სამაგალითო სპორტსმენია, თავისი ძალისმიერი ლელოთი ფიჯისთან, თავისი „მომაკვდინებელი“ ბოჭვებითა და დაცვაში ჭკვიანური თამაშით.
მართლაც, ასიეშვილის და კვირიკაშვილის წაყვანა უფრო სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე თითო მატჩში კარკაძის, ძნელაძისა და მოდებაძის გამოჩენა. ამ ბიჭებს არავითარ შემთხვევაში არ ვერჩი, უბრალოდ მწვრთნელის საკადრო შეცდომებზე მივუთითებ.
მარტივად რომ ვთქვათ გუნდი არ იყო დაბალანსებული და არ ჩანდა ტაქტიკური ჩანაფიქრი. შესაძლოა სუბიექტური ვარ, მაგრამ მე პირადად ვერ დავინახე…
ფაქტია, რომ ხელდახელ თამაშში მსოფლიო თასის მონაწილე 20 გუნდს შორის აშკარა აუტსაიდერები ვართ და ალბათ, მხოლოდ რუსეთს ვჯობნით, ხოლო ჯგუფის 4 თამაშიდან ჩვენმა შერკინებამ მხოლოდ ურუგვაისას აჯობა და დანარჩენ სამში – პირიქით. აი, ისევ შერკინების კრიტიკას დავუბრუნდი…
მაგრამ დადებითი მომენტებიც უხვად იყო. ურუგვაისთან მატჩში გატანილი 5 ლელო, უელსთან შეხვედრის დასკვნითი 20 წუთი, ავსტრალიასთან თითო ტაიმის ნახევარ-ნახევარი. განსაკუთრებულად ჰეროიკული დაცვა ავსტრალიასთან მთელი მატჩის განმავლობაში. ასე მწყობრად ფიჯისთან რომ გვეთამაშა, აუცილებლად მოვიგებდით 10:45-ის ნაცვლად. კარგად გამოჩნდნენ ახალგაზრდები: კარკაძეც, აბჟანდაძეც, გოგიჩაშვილიც, გიორგაძეც და განსაკუთრებით აფრასიძეც. გელას შესანიშნავი თამაში მართლაც ქებას იმსახურებს. მეტს ველოდით ბექა გორგაძისგან, თუმცა მან ვერ შეძლო თავისი შემტევი პოტენციალის გამოვლენა, მით უმეტეს, რომ გუნდი შეტევისთვის იშვიათად იცლიდა.ვერ გაამართლა იმედები სოსო მათიაშვილმა, სამაგიეროდ გამორჩეულად ითამაშეს ვეტერანებმა – მამუკა გორგოძემ, დათო კაჭარავამ და სანდრო თოდუამ. მთლიანობაში აბსოლუტურად ყველა შესაქებია თავდადებასა და ბრძოლის ჟინისთვის. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მამუკასა და გიორგი ნემსაძეს, რომლებმაც სანაკრებო კარიერა დაასრულეს. ისინი ჩვენს გუნდს ძლიერ დააკლდებიან.
ახლა კი ჩვენთვის ახალი 4 წლიანი ციკლი იწყება. ჯერ არ ვიცით, ვინ უხელმძღვანელებს გუნდს, მაგრამ ფაქტია რომ ის მილტონ ჰეიგზე მაღალი კვალიფიკაციის უნდა იყოს. იმიტომ, რომ ცალკეული ქართველი მორაგბეები თავის განვითარებაში ჰეიგს აშკარად უსწრებდნენ და მათ მათივე დონის დამრიგებელი სჭირდებათ, თუმცა ბატონ ჰეიგს მაინც უღრმესი მადლობა იმ წინ სვლისთვის, რომელიც ქართულმა რაგბიმ ზოგადად მის ხელში განიცადა. თაობები შესანიშნავი მოდის და მათ პატრონიც შესაბამისი სჭირდებათ.