განთქმული ბალერონი ვახტანგ ჭაბუკიანი რომ ცოცხალი იყოს, ქართველებს სხვა გზა არ გვექნებოდა – უნდა მივსულყავთ მხცოვან მაესტროსთან და მისთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელობა გვეთხოვა.

რას ვიზამთ?

ფეხბურთი ასეთი გზით მიდის – მალე ჩვენი სტადიონის ნაცვლად ქართველ ფანოაბს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მოგვიწევს სიარული, რადგან საფეხბურთო მატჩები სწორედ იქ გაიმართება. ვთქვათ – საქართველო – ნორვეგია, “გედის ტბის” ჰანგებზე ან – საქართველო – საბერძნეთი “ჟიზელის” ჰანგზე.

სხვა გამოსავალი ფეხბურთს აღარ აქვს.

ჯერ ერთი, მე ყოველთვის მეგონა, რომ ბლატერის ნაცვლად იუჰანსონი უნდა აერჩიათ. მეორეც – აველანჟი კვლავ ტრიბუნაზე ზის, რაც ბრეჟნევულობის ყველაზე უვარგისი ტრადიციაა. მესამეც – პლატინი ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ამ თამაშის გულთან საკმაოდ ზედაპირული დამოკიდებულება ჰქონია.

ეგრეც ვერ გავიგე – რა უნდა ამ ხალხს ფეხბურთისგან? განა ფეხბურთს რა სჭირს ისეთი, რომ ბალეტს დაემგავსოს?

ადრე, უხეში მცველები ამბობდნენ (და თან ამყადაც) ფეხბურთი ბალეტი ნუ გგონიათო. ახლა ამის თქმა ჩვეულებრივ ფეხბურთელებს უწევთ. ფიფა კი, მართლაც ძალიან ბევრს ზრუნავს ფეხბურთის განვითარებაზე. აი, უკნიდან უხეშობის გამო წითელ ბარათიც შემოიღეს და მსაჯებიც დაამუნათეს, ბარათის ჯიბეში შემნახველ კაცს ჩვენ პატივს ვერ მივაგებთო.

საერთოდ, რაც კი რამეა უცნაური ფეხბურთში, პირინია ბიძია, ეს არის მსაჯი. ვერავინ მოსთვლის მსაჯთა მიერ ჩაოხრებულ თამაშებს ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ჩემპიონატიდან. თანაც, სწორედ მსოფლიო ჩემპიონატებზე რომ მოუნდებათ ხოლმე თავის გამოჩენა, რაც მაგათ თამაშები უარევიათ – ჰა, თუ 1954 წელს, ჰა, თუ 1966 წელს, ჰა, თუ მერე და მერე. ამის ჩამოთვლას და ჩამოწერას ერთი ცალკე წიგნი დასჭირდება.

თანაც, ეს ფიფაც რომ მსოფლიო ჩემპიონატებს დაამთხვევს ხოლმე თავის სიახლეებს, ვითომდა, მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც მთელ ოთხ წელიწადს ელოდება არაერთი მილიარდი ადამიანი, ექსპერიმენტის ადგილი იყოს. დაიწყო ეს ჩემპიონატი, მგონი ნორმალურად. იყო თამაშები, იყო სარმები და მოცელვაც და მსაჯებიც სავსებით ნორმალურად ექცეოდნენ უხეშებს. ისე, როგორც ბოლო ხუთ-ექვს წელიწადს.

და ატყდნენ ბლატერი და პლატინი, ჩვენ რა ვთქვითო, ჩვენ რა წესი შემოვიღეთ უხეშობისთვის და მოცელვისთვისო, წითელიო, პირდაპირ წითელიო. ვინც ამას არ გააკეთებს, ვინც ჩვენებურად არ აღკვეთს, ორი ბისტი იმასო. და ატყდა და დაიწყო. ეგებ მე სრული იდიოტიც ვიყო, მაგრამ ფეხბურთში მთავარი რამ სულაც არ არის წითელი ბარათი. წითელი ბარათი ფეხბურთის ერთი პატარა კუთხეა და არა მთავარი. და საერთოდ, ფეხბურთი ამ ბარათამდეც არსებობდა მთელს ას წელიწადს. ახლა კი რა არის მთავარი ფეხბურთში? ისე და ისევ, წითელი ბარათი, გუწინწინდლიდან ასეა და რა ვიცი.

ფეხბურთელი იმაზე უფრო ფიქრობს,წითელი არ მიიღოს. ის თამაშზე არ ფიქრობს. უფრო სწორად, ფეხბურთელი იმგვარად დაკომპლექსდება, სანამ ამ ახალ წესს შეეჩვება, რომ თავის მაინც ემართება და ეს ხომ მსოფლიოს ჩემპიონატია?

აქ არის იმის დროს, რომ ბატონმა ფიფას მოხელეებმა თავიანთი საკმაოდ შეზღუდული იდეები რეალობად აქციონ?

თუმცა, მოვეშვათ ზოგად ლაპარაკს და გადავიდეთ კონკრეტულ ლანძღვაზე.

ჯონ ტოროს რენდონი  40 წლის კოლუმბიელი ინჟინერია. ისე გამოვიდა, რომ ეს კაცი მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოიძახეს მსაჯად. მისი მსაჯობის დღე ბლატერის აფეთქებას დაემთხვა. იმავ აფეთქებას დაემთხვა დანია – სამხრეთ აფრიკის მატჩი, რომელსაც რენდონი უძღვებოდა. ასე რომ, კოლუმბიელი ინჟინერი პირველი მსაჯი გამოდგა, აქამდე მიღებული, მაგრამ მსაჯთა მიერ ლიბერალიზებული მოცელვის წესის ამოქმედებამ რომ მოუწია.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ რენდონი ქაჯურად მსაჯობდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ჩემთვის გასაგებია – რენდონს სურდა რომ უფროსობისათისვ თავისი კვალიფიკაცია ეჩვენებინა, მაგრამ ტულუზის მინდორზე ფეხბურთი აღარ იყო და ამდენი ხალხი რენდონის დაბალი შუბლის საცქერლად ხომ არ ვისხედით ტელევიზორთან? შვიდი ყვითელი და სამი წითელი. ეკრანზე კარგად ჩანდა ფეხბურთელთა გაოცებული სახეები. ეს თამაში თავისი პრინციპებით ჰოკეის ან ამერიკულ ბურთაობას ურფო ჰგავდა. თამაში აღარ იყო, მწვრთნელთა ნაფიქრი განახევრებულიყო, საცქერი არაფერი იყო.

ფიფა და რენდონი პირდაპირ ამბობდნენ – ან დუბლები გამოიყვანეთ, ან ბალეტი იცეკვეთო. ბალეტს ერთი პლუსი აქვს, ის ხელოვნებაა. ფეხბურთი კი თამაშია. ჩვენამდე ისე მოვიდა, რომ არც სარმა აკლდა და არც უნამუსობა. მაგრამ მისი ერთ-ერთი საყრდენი ყოველთვის თავდაუზოგავი ბრძოლა იყო. თუ ვინმე მოუშვებდა სადავეებს და ფეხბურთელებს თავზე და ნამუსზე ხელის აღების საშუალებას მისცემდა, ისევ მსაჯები.

კლასიკურად ქცეული ტელეკადრია: პელე პორტუგალიის ნაკრების საჯარიმოსთან დგას ზურგით და ბურთი უკან გამოაქვს. მას პორტუგალიელთა მცველი ჟოაო მორაეში წამოეწევა და მოცელავს. პელე კვლავ დგება და კვლავ ბურთისკენ გაიწევს. მორაეში კვლავ კოჭში სცემს პელეს და ეს უკანასკნელი მოედნიდან გაჰყავთ.

ეს იყო 1966 წელს. მაშინ ფეხბურთელის შეცვლა მსოფლიოს ჩემპიონატზე არ შეიძლებოდა. იყო ასეთი ველური კანონიც. იმ თამაშს ინგლისური ბრიგადა უძღვებოდა მაკკეიბის თამადობით. პორტუგალიელთა კაპიტანი მარიუ ესტევეს კოლუნა ნირწამხდარი იყო და მორაეშსა და მეორე ვირგლას ვისენტე ლუკაშს ეუბნებოდა საყვედურის სიტყვას.

ძნელი საპოვნია კაცი, საფეხბურთო მოედანზე წრეგადასული უხეშობა რომ მოიწონოს. იყო დრო, როცა ბევრ გუნდს ტაქტიკად სწორედ უხეშობა ჰქონდა. მერე ზომები გამკაცრდა და “წვრილი ჯარიმის ტაქტიკა” დაინერგა. ეს საქმე დღესაც ცოცხლობს და ხშირად ძალიან მომაბეზრებელიც კია.

თუ ფიფას ამ საქმესთან ბრძოლა გადაუწყვეტია. უფრო სხვა რამ უნდა მოიფიქროს, რადგან ოხრად დარჩეს ისეთი ფეხბურთი, სადაც მსაჯის მეტი არაფერი იქნება სანახავი. მსაჯს ისედაც ყველაფრის უფლება აქვს. მისი მიქარვებისთვის პასუხი მხოლოდ მოსულთაგან მოეთხოვება, წამხდარი თამაში კი წამხდარ თამაშადვე რჩება.

მსაჯებმა კი აიწყვიტეს.

უფრო სწორად, მათ უბრძანეს, რომ აეწყვიტათ და მსაჯი რომელი ანრი ბერგსონია, რომ ადამიანში იმგვარი სიფაქიზით ერკვეოდეს, საქმე არ წაახდინოს?

და საფრანგეთ – არაბეთის თამაში? არა, ეს მექსიკელი მსაჯი ბევრად სიმპატიური იყო, ვიდრე ის კოლუმბიელი, მაგრამ ახალი წესების ამბავი მან სულ არია. ზიდანი კი გააგდო, მაგრამ რა წესი შემოიღეს ეგეთი, ზიდანის გაგდება რომ შეუძლია და ლიზარაზუსი არა? ლიზარაზუმ, მოგეხსენებათ, უდიდესი დანაშაული ჩაიდინა – ერთ-ერთზე მიმქროლავი ალ-ჯაბერი დასდო ძირს, რაშიც, როგორც დიდი გუნდის წარმომადგენელმა მხოლოდ ყვითელი დაიმსახურა. ეს მაშინ, როცა ალხალაივმა სადღაც ფლანგზე ჩაჩეხა იგივ ლიზარაზუ, მისთვის წითელი არავის დანანებია. ზიდანს კი აბა, ვისი დაცვა სჭირდება? თუმცა, ფეხი მართლაც დააბიჯა არაბს, მაგრამ ამისთვის ორი თამაშის გაცდენა ნამეტანია. და საერთოდ, ეს კანონი ძალიან ჰგავს იმას, სტალინმა რომ თქვა ხალხის მტრებს უნდა ვებრძოლოთო და მეზობლებმა ერთმანეთს ჩივილი დაუწყეს, შუქი გვიანობამდე უნთია და მგონი ტროცკის წერს წერილსო. იმ გვიანობამდე მოთხიზლეს კი დაიჭერდნენ და მერე არკვიე, მიწერა, თუ არა ტროცკის.

და საერთდაც, ახლა რა ხდება და თუ ასე გაგრძელდა, მერვედფინალებიდან რაღა იქნება?ადვილი მისახვედრია, გუნდები ან ცახცახით ითამაშებენ, ან თავიანთი დუბლიორების ამარა დარჩებიან, ნახევარფინალში კი სამშობლოდან მოუწევთ ხალხის გამოძახება. წესების ამგვარად ამოქმედებას ოცდაორი კაცი ნაღდად არ ეყოფა.

თანაც, მსაჯი მაინც მსაჯია. როგორც უნდა ისე ჭრის და კერვს. ვიღაცას გააგდებს, ვიღაცას კიდევ დაინდობს. მით უმეტეს, ასეთი რამ უკვე მოხდა.

დიდ გუნდთა უმრავლესობა სასწრაფოდ უნდა გადავიდეს შეგუების მეთოდზე, არადა, ძირითადი შემადგენლობის ამბავში პრობლემები ექნებათ, რამდენს გაუძლებს ინსი? ან არგენტინელები და იტალიელები? ანდა ნიგერიელები? ფეხბურთის შეცვლა ძალიან უცბად მოხდა. ვუყურეთ იტალია – კამერუნს და დავიძინეთ, გავიღვიძეთ და სხვა ფეხბურთი დაგვიხვდა.

ბალეტს კიდევ ერთი პლუსი აქვს – თეატრალური დადგმაა. ან რაღა ფეხბურთი ეგ არის, თუ ხალხს მხოლოდ დასწრებაზე თამაშის უფლება მიეცა?

არა, არა, მე ყოველთვის იუჰანსონი მერჩივნა.

თუმცა, რა განსხვავებაა?

ფეხბურთს მონდომებით უცვლიან სახეს და რატომ, არავინ იცის.

20.06.1998

წილი
წინა სტატიაიგივე, ოღონდ ნულებით…
შემდეგი სტატიამთვარე და მარათონი
გიო ახვლედიანი
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.