„ისინი ისე თამაშობდნენ, გეგონება თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე პაბის ავტოსადგომზე გაიცნეს ერთმანეთი, — წერს „სანი” ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებზე, — ისინი ჰგავდნენ უცხო ადამიანებს, გამოუცდელ ხალხს, რომლებსაც ხელი დაავლეს და ევრო 2020-ის შესარჩევში სათამაშოდ შეყარეს”.
შესარჩევ შეჯიბრებებში 43 თამაშიანი, ათწლიანი (ასე უფრო ხმამაღლა ჟღერს) დაუმარცხებელი, ამაყი სერია ჩეხეთთან შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა ზდენეკ ონდრაშეკმა დაასრულა. იქნებ, სწორედ ეს ალიყური გვჭირდებოდა, ევროპის ჩემპიონატის წინ რომ გამოვფხიზლებულიყავითო, წერს გაზეთი.
ჩეხეთმა 2:1 მოიგო. ანგარიში მე-5 წუთზე პენალტით ჰარი კეინმა გახსნა, მაგრამ 4 წუთში იაკუბ ბრაბეცმა გაათანაბრა, ბოლოს კი, როგორც მოგახსენეთ, ონდრაშეკმა ინგლისელებს ჯგუფიდან გასვლა გადაუვადა, ყოველ შემთხვევაში ორშაბათამდე მაინც, როდესაც ინგლისელები ბულგარეთში ჩავლენ სათამაშოდ.
„სანის” აზრით გარეთ საუთგეიტმა კულტურული შოკი მიიღო. ინგლისელებს გვეგონა, რომ მოჯახირე ქვეყნები დალაგებული ფეხბურთის თამაშს ვერ შეძლებდნენ, ჩეხებმა კი ბურთი შესანიშნავად აგორესო.
ინგლისელთა გოლის ავტორმა ჰარი კეინმა მატჩის შემდეგ თქვა:
„ეს ჩვენ დავმარცხდით. თამაშის პირველ წუთებშივე დავწინაურდით, სტუმრად თამაშის კვალობაზე საუცხოო სტარტი გვქონდა, მაგრამ მეტოქემ მალევე გაგვიტანა. ამის შემდეგ კი ჩვენ ბურთს უყურადღებოდ ვეპყრობოდით და არც ისე ჩქარა ვთამაშობდით, როგორც გვჩვევია ხოლმე.
ჩვენ არ ვიბრძოდით. ჩვენ არ მივმართავდით ჩვეულ პრესინგს. ბურთს ძალიან იოლად ვთმობდით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მართალია, რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ”.
მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი: „ცუდად ვითამაშეთ. აი, სულ ეს არის. ალბათ, შეხვედრა ფრედ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ გავუშვით და წავაგეთ”.