გაგიგიათ ხელჩართულ ჩხუბში კაცს გამეტებით მუშტები უბრაგუნო და თან ცდილობდე სხვები გააშველო? თუ არა, მაშინ აგერ ბატონო, ინებეთ. ამ ინციდენტის მონაწილე კი არც მეტი არც ნაკლები, თანამედროვეობის და ალბათ, ზოგადად სპორტის ერთ-ერთი ლეგენდარული წარმომადგენელი უსეინ ბოლტი გახლდათ.
ყოფილი იამაიკელი სპრინტერი აქტიურ სპორტს რომ შეეშვა არახალი ამბავია. შემდეგ მან თითქოს პროფესიულ დონეზე ფეხბურთის თამაში სცადა და ავსტრალიურ „ცენტრალ კოსტ მარინესთან“ კონტრაქტიც კი გააფორმა, თუმცა ბუნებრივია დიდი სათამაშო დრო არ მისცემია.
პოპულარული ბრიტანული გამოცემის The Sun-ის ინფორმაციით, 33 წლის მძლეოსანი, ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში მეგობრებთან ერთად ერთობოდა რა დროსაც სხვა მაგიდასთან მსხდომებთან კონფლიქტი წარმოიშვა და მოგვიანებით ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. კლუბიდან, საქმის გარჩევამ ქუჩაში გადაინაცვლა და მალე 30-მდე პიროვნება ერთმანეთში აიზილა.
უსეინ ბოლტი თავიდან მშვიდობის მტრედის როლს ასრულებდა და ცდილობდა გაღიზიანებული ადამიანები დაემშვიდებინა, მაგრამ რომ ვერაფერს გახდა, ვიღაცას ცხვირ-პირში ლაზათიანადაც უთავაზა.
„ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა. ბოლტმა მისთვის უცხო პიროვნებას იმ დროს დაარტყა, როდესაც მეგობრის დაცვას ცდილობდა. ისეთი ჩხუბი იყო, მიკვირს სერიოზულად რომ არავინ დაშავებულა. ბოლოსდაბოლო, ჩხუბის მთავარი ინიციატორი და დამნაშავეც აღმოაჩინეს, თუმცა უსეინმა ის აგრესიულ მასას გაარიდა, მანქანაში ჩასვა და გაუშვა, თავად კი იქაურობას ტაქსით გაეცალა,“ – ამბობს The Sun-თან კომენტარში ჩხუბის ერთ-ერთი თვითმხილველი.
ალბათ, შეხსენება საჭირო არ არის, რომ უსეინ ბოლტი 8-გზის ოლიმპიური ჩემპიონია. იამაიკელმა სპრინტერმა კარიერა 2017 წელს დაასრულა.

წილი
წინა სტატიაუცნობები პარკინგიდან
შემდეგი სტატიაიგივე, ოღონდ ნულებით…
გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.