2019 წლის 10 ოქტომბერი ქალებს ირანში, ალბათ, არასოდეს დაავიწყდებათ.
„თავი ახლაც სიზმარში მგონია. ტრიბუნაზე ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდი, რომ ეს სინამდვილეში ხდებოდა. რამდენიმე წელი მუშაობა ტელევიზორთან მიხდებოდა, ახლა კი შესაძლებლობა მაქვს ფეხბურთს ცოცხლად ვუყურო,“ – ამბობს ირანელი საფეხბურთო ჟურნალისტი რაჰა პურბახში.
გაგიკვირდათ სპორტულ ჟურნალისტს სტადიონზე ვინ არ უშვებდაო? დიახ, ზუსტად 40 წლის მანძილზე ირანში ქალებს საფეხბურთო მატჩების ცოცხლად ყურება ეკრძალებოდათ. რაჰა პურბახში კი სწორედ მედიის ქალი ქარმომადგენელია და მასაც პროფესიული მოვალეობის შესრულება დისტანციურად უხდებოდა.
ირანში, მანდილოსნების საფეხბურთო სტადიონზე დაშვება 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ აიკრძალა. იქაურ და მაშინდელ სასულიერო პირებს მიაჩნდათ, რომ ნახევრად შიშველი მამაკაცების ხილვა ქალებს გარყვნილ და მათი გაგებით ცოდვილ ფიქრებს აღუძრავდა. აკრძალვა 10 ოქტომბერს მოიხსნა და ირანელმა ქალებმაც ორმაგად ისიამოვნეს. ერთი, რომ ისინი თეირანის „აზადის“ სტადიონის ტრიბუნებზე აღმოჩნდენ და მეორე, მშობლიური ქვეყნის ნაკრების გამარჯვება იხილეს, თან არასაფეხბურთო ანგარიშით. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ირანმა კამბოჯას 14:0 მოუგო.
ირანის ხელისუფლება დათმობაზე ფიფას ზეწოლის შემდეგ წავიდა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისთვის ბოლო წვეთი ტრაგიკული შემთხვევა გახდა, როდესაც ერთმა ფეხბურთზე შეყვარებულმა ქალმა, რომელსაც შემდეგ „ცისფერი გოგონა“ უწოდეს, მამაკაცის ტანისამოსი ჩაიცვა და სტადიონზე ისე შეაღწია. მოგვიანებით პოლიციამ მისი იდენტიფიკაცია შეძლო და ადგილზევე დააპატიმრა, გოგონამ კი პროტესტის ნიშნად თავი დაიწვა. ამის შემდეგ ფიფამ ირანს მკაცრად მოთხოვა მანდილოსნებისთვის სტადიონზე ყოფნის უფლება დაერთო, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციას დისკვალიფიკაციით და ორგანიზაციიდან მოკვეთით დაემუქრა. ირანის ხელისუფალთ სხვა გზა აღარ დარჩათ.
მართალია, აკრძალვა მოიხსნა და ირანის ნაკრების კამბოჯასთან მატჩს 3500 ქალი დაესწრო, თუმცა შეზღუდვა მაინც ჰქონდათ. მათ ცალკე ტრიბუნა გამოუყვეს და ყველას ერთად მოუყარეს თავი. ქალთა სექტორს „აზადის“ სტადიონზე 150 პოლიციელი აკონტროლებდა.