მადრიდში გაიმართა გალა-დაჯილდოება, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა „ბარსელონას” ვეტერანი მცველი ჟერარდ პიკე იყო. ეს გახლდათ ამერიკული ჟურნალის „ესკვაირის” საღამო, სადაც პიკეს ერთ-ერთი ჯილდო გადასცეს.
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ საღამოზე „ბლაუგრანას” ვარსკვლავს მრავალ სხვადასხვანაირ კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა. ერთ-ერთი მათგანი ნეიმარის „რეალში” შესაძლო გადასვლას ეხებოდა. პიკემ თქვა:
„შეშინებულები არ ვყოფილვართ, მაგრამ შანსი იმისა, რომ ნეიმარი „რეალში” გადავიდოდა ნამდვილად იყო და ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით”, — თქვა პიკემ.
მოგეხსენებათ, ბრაზილიელი 2013-17 წლებში „ბარსელონაში” თამაშობდა. რაც შეეხება მის „პარი სენ ჟერმენიდან” მადრიდში გადასვლას, ამაზე ჭორები ყოველთვის დადიოდა, მაგრამ ტრანსფერი რომ რეალური იყო, ეს ცნობილი მხოლოდ ლეო მესის RAC1-თვის მიცემული ინტერვიუდან გახდა. საბოლოოდ, ნეიმარი თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ პარიზში დარჩა.
ნეიმარი ნეიმარად და ცენტრალურ მცველს მესის ინტერვიუს კიდევ ერთ ფრაგმენტზე მოუხდა რეაგირება. კერძოდ, მსოფლიოს 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა დაიწუნა პიკეს ერთ-ერთი ადრეული ნათქვამი, რომ „ბარსელონას” შეფები პრესას თავის ფეხბურთელებზე სპეციალურად აწერინებენ ცუდს. მესიმ ამ მოსაზრების გამო უკმაყოფილება ვერ დამალა; თქვა, რომ მათ კლუბში ასე არ ხდება და მსგავსი ლაპარაკი არავის მართებს.
პიკეს პასუხის პასუხი ასეთი გახლდათ:
„რა ვთქვა და რა არა, ამას თავად გადავწყვეტ. მესი კაპიტანია და როგორც კაპიტანს საკითხების თავისებური აღქმა აქვს. მეორე მხრივ, შემიძლია გითხრათ, რომ ლეო ის კაცია, რომელთანაც „ბარსელონაში” ყველაზე იოლად ვპოულობ საერთო ენას. ვფიქრობ, ჩვენი დამოკიდებულება დაბალანსებულია”.