მსგავს პრეცენდენტს ადგილი ჯერ არ ჰქონია, მაგრამ რაღაც ხომ ცხოვრებაში ყოველთვის პირველად ხდება. კი ბატონო, ყოფილა შემთხვევები ფეხბურთში, კალათბურთში ან სპორტის სხვა სახეობაში მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატებისთვის რამდენიმე ქვეყანას რომ ერთად უმასპინძლია და ეს უკვე აპრობირებული მეთოდია, მაგრამ ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ეს ახალი ხილი იქნება.

…ჯერ არაფერია ბეჭედდასმული, უფრო მეტიც, მხოლოდ იდეის დონეზეა და არც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შესულა განაცხადი, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, ლოზანის შტაბ-ბინაში ორი ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყანა ერთობლივ განაცხადს აფრენს.

მოკლედ, ბელარუსმა და უკრაინამ ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე შესაძლოა ერთად იბრძოლონ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსისა და უკრაინის რეგიონების მეორე ფორუმზე უკრაინას ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად ერთობლივი განაცხადის მომზადება შესთავაზა.

„ვფიქრობ, ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ერთად იბრძოლონ უმაღლესი დონის საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების მასპინძლობისთვის. ვსაუბრობ უკრაინის პრეზიდენტის წინადადებაზე, ხომ არ გვეფიქრა ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე და ერთობლივი განაცხადის მომზადებაზე,“ – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში აქტიურად განიხილება ოლიმპიური თამაშების სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარება. კერძოდ ოლიმპიური თამაშების „მასპინძელი“, როგორც ასეთი, შეიძლება მოიცავდეს არა ერთ, არამედ რამდენიმე ქალაქს, რეგიონს და ქვეყანას.

ქომაგმა კარგად უწყის, რომ 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიადა გაისად ტოკიოში გაიმართება. გარკვეულია 2024 და 2028 წლების მასპინძელი ქალაქებიც – პარიზი და ლოს-ანჯელესი. ამიტომაც, უკრაინა-ბელარუსი, ოთხწლეულის ყველაზე გრანდიოზული სპორტული ფორუმის მასპინძლობაზე პრეტენზიას 2032 წლისთვის თუ გამოთქვამს.

წილი
წინა სტატიაზე უნდა იყოს ზე
შემდეგი სტატიაცისფერი გოგონა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...