„გუილდფორდ ფენიქსი” ინგლისური ჰოკეის გუნდია, რომელშიც ცნობილი პეტრ ჩეხი ითამაშებს. თავად გუილდფორდი ქალაქია ლონდონიდან 40 კილომეტრში, „ფენიქსი” კი მეორე ლიგის სამხრეთ დივიზიონში გამოდის და კვირას „სვინდონ ვაილდქეთს” ხვდება.
მაგრამ, დავანებოთ თავი ვის და სად ხვდება გუილდფორდის ჰოკეის გუნდი, რადგან საეჭვოა მომავალში ჩვენ მისი თამაშები გავაშუქოთ. აქ მთავარი ჩეხის ამბავია.
ოთხშაბათ საღამოს, სპორტული საზოგადოება გააოცა ცნობამ იმის შესახებ, რომ „ჩელსისა” და „არსენალის”ყოფილი მეკარე ჰოკეიზე გადაერთო. ფეხბურთის დიდი კარიდან ჰოკეის პატარა კარში გადაბარგებულმა 37 წლის ვეტერანმა თქვა:
„ბედნიერი ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა „ფენიქსის” რიგებში ვითამაშო და როგორც ჰოკეისტმა გამოცდილება შევიძინო. იმედი მაქვს, რომ ახალშექმნილ გუნდს დავეხმარები. ყველა ღონეს ვიხმარ, რამდენ შეხვედრაშიც მათამაშებენ, იმდენ გამარჯვებაში შევიტანო წვლილი. მიხარია, რომ პროფესიონალი ფეხბურთელის 20 წლიანი კარიერის შემდეგ იმ სახეობაზე გადავერთე, რომელსაც ბავშვობაში დიდი სიამოვნებით ვუყურებდი”.
პეტრ ჩეხმა „ჩელსის” შემადგენლობაში ოთხჯერ მოიგო პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.
ცნობისათვის: „ჩელსის” ახალმა მწვრთნელმა და ჩეხის ყოფილმა თანაგუნდელმა ფრენკ ლემპარდმა მეგობარი დასავლეთლონდონის კლუბში მრჩეველად აიყვანა.