ჟოზე მოურინიუმ „ლიონი” უარით გაისტუმრა. „რეალის” ყოფილი თავკაცი თურმე პრემიერლიგაში დაბრუნებას აპირებს.

მოგეხსენებათ, პორტუგალიელი შარშან დეკემბერში „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაუშვეს და მას მერე ვერა და ვერ შეარჩია ახალი კლუბი. მანჩესტერამდე, 2013-2015 წლებში ის „ჩელსიში” მუშაობდა. ამ პერიოდში მოუ მეორედ ხელმძღვანელობდა დასავლეთლონდონელთა გუნდს და ჩემპიონიც გახადა. პირველად, 2004-2007 წლებში, „განსაკუთრებულის” ხელმძღვანელობით „ლურჯებმა” ორჯერ მოიგეს პრემიერლიგის ტიტული.

„ლიონის” ამბავი კი ფრანგულმა RMC Sport-მა გაასაჯაროვა. ლიონელებს მოურინიუ „არსენალის” ყოფილი მცველის სილვინიოს შემცვლელად სდომებიათ, მაგრამ მას მერე, რაც მან უარით გაისტუმრა, ლორან ბლანისთვის მიუმართავთ.

ზაფხულში, „სქაი სპორტისთვის” მიცემულ ინტერვიუში მოურინიუმ თქვა: „ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად მაქვს ფიქრის საშუალება. ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში პირველად ვარ მშობლიურ სეტუბალში. ბევრი რამ გავაანალიზე, ბევრ რამეს გადავხედე და ერთი რაღაც დავადგინე ზუსტად: ზე (ანუ ჟოზე) კვლავ ანთებულია.

მეგობრები მირჩევენ თავისუფალი დროით ვისიამოვნო. ვისიამოვნო ივლისით, აგვისტოთი, იმით, რაც არასდროს მღირსებია, მაგრამ ვერ ვახერხებ. რომ ვისიამოვნო ბედნიერი უნდა ვიყო, მე კი ბედნიერება მაკლია. მე მაკლია ფეხბურთი. საკუთარ თავთან, მთელს დედამიწაზე ჩემს უამრავ ფანთან კომპრომისზე წასვლა მიწევს. არადა, ზე უნდა იყოს ზე და ეს ბოლო დღემდე ასე უნდა გაგრძელდეს”.