გთავაზობთ გერმანული „შპორტ ბილდის” წერილს დორტმუნდში გამართული გერმანიისა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრის შესახებ. ჟურნალმა შემოიღო რუბრიკა Replay. ამ რუბრიკის მიზანი გერმანელი მკითხველისთვის შეხვედრის მთავარი მომენტების შეხსენებაა. „შპორტ ბილდი” წერს, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტების ამხანაგურ შეხვედრაში და მის ირგვლივ იყო რამდენიმე ისეთი ეპიზოდი, რომლის გამოყოფაც შეიძლება.

პირველი, რასაც გერმანულმა გამოცემამ ხაზი გაუსვა მარიო გიოტცეს ამბავი გახლდათ. საქმე ის არის, რომ 2014 წლის მუნდიალის ფინალში, არგენტინელთა კარში ერთადერთი, გამარჯვების გოლი „დორტმუნდის” ვარსკვლავმა გაიტანა და თუკი შემდეგ, 2018-ის ჩემპიონატზე ცუდი გამოსვლისა და სხვა მიზეზების გამო მისი პოპულარობა მთელს გერმანიაში დაეცა, დორტმუნდში თავიანთ კერპს უერთგულეს.

თამაშის დაწყების წინ სტადიონზე გამოისახა გიოტცეს 2014 წლის გოლის სილუეტი, სადაც ბურთი ვარსკვლავით იყო შეცვლილი და ეწერა: „ეს მან გააკეთა! ყოველდღიურობა ბევრ რამეს გვავიწყებს, მაგრამ ეს მომენტი სამარადჟამოდ დარჩება”.

ისევე როგორც ლივერპულში, „ენფილდზე” არის ლეგენდარული ტრიბუნა, რომელსაც კოპი ჰქვია, დორტმუნდის „ვესტფალენშტადიონზე”, რომელსაც ამ ეტაპზე სპონსორის გამო „სიგნალ იდუნა პარკს” ეძახიან, არის ზიუდტრიბუნი, რომელმაც მარიო გიოტცეს განსაკუთრებული შეხვედრა მოუწყო და „შპორტ ბილდის” აზრით, ერთ-ერთი საყურადღებო ამბავიც სწორედ ის იყო.

მეორე, რაც ჟურნალის ყურადღების ცენტრში მოხვდა, იყო სერჟ გნაბრი, რომელმაც თამაშის წინ, წუთიერი დუმილის დროს გაიცინა. დუმილი მემარჯვენე რადიკალების მიერ ჰალეში მოწყობილი ტერორის მსხვერპლთ მიეძღვნა.

გაღიმებული გნაბრი სატელევიზიო კადრში მოხვდა და მთელ გერმანიას გაუჩნდა კითხვა, რა აცინებდა ამ ახალგაზრდა კაცს. ნუთუ ის დაღუპულთა მიმართ უპატივცემულობას გამოხატავდა?

თურმე სულ სხვანაირად ყოფილა საქმე. მაშინ, როდესაც მთელი სტადიონი გაირინდა, ვიღაც გადარეულმა დუმილით ისარგებლა და ტრიბუნაზე გერმანიის ჰიმნის ბღავილი დაიწყო, რაზეც მეორემ საიდანღაც პასუხად დაუღრიალა: მოკეტე!

აღსანიშნავია, რომ გნაბრი მარტო არ იყო, ვისაც ამაზე გაეცინა.

მესამე: გერმანული ფეხბურთის ამომავალმა ვარსკვლავმა კაი ჰავერტცმა მეექვსე სანაკრებო შეხვედრაში ნავსი გატეხა და გოლი გაიტანა. 22-ე წუთზე გნაბრის შესანიშნავ პასს ფეხის დახვედრებაღა უნდოდა.

მეოთხე: გერმანიის ნაკრებს ჰყავდა ოთხი დებიუტანტი, რომელთაგან ყველაზე უცნაური რობინ კოხის გამოჩენა იყო. 23 წლის ფრაიბურგელს გაუმართლა. ნიკლასტ სტარკს და ჯონათან ტაჰს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოუჩნდათ და ერთადერთ კაცად, ვისაც ნიკლას შულეს მეწყვილეობა შეეძლო, ის დარჩა. კოხი ნაკრებს მხოლოდ სამშაბათ საღამოს შეუერთდა.

სხვა დებიუტანტები კი იყვნენ კლუბში კოხის თანაგუნდელი ლუკა ვალდშმიდტი, ნამედინ ამირი „ლევერკუზენიდან” და „შალკეს” სუათ სერდარი. ბოლო ორი შეხვედრაში მოგვიანებით ჩაერთო, შეცვლაზე შევიდა.

და ბოლოს, „ბაიერნის” ჯოშუა კიმიხმა პირველად უკაპიტნა გერმანიის ეროვნულ გუნდს.

შეხვედრა დამთავრდა ფრედ 2:2. გერმანიის ნაკრები 2:0-ს იგებდა.