ერთი მატჩიც და დასრულდება საქართველოს მორაგბეთა ნაკრების იაპონური თავგადასავალი. ფიჯის ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის შედეგად ბორჯღალოსნებს სატურნირო მიზნები აღარც დარჩათ. თუმცა, თეორიული ვარიანტები ჯერაც არსებობს. თუ ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს, შიზუოკას „ეკოპაზე“ ავსტრალიელებს დაამარცხებს, 2023 წელს, საფრანგეთის მსოფლიო თასსზე საკვალიფიკაციო ციკლის გვერდის ავლით მოხვდება. მაგრამ ბორჯღალოსნების მიერ „ვოლაბების“ ძლევის ალბათობა იმდენად მიზერულია და ისე უტოპიურად გამოიყურება, რომ ამ თემის განხილვაც არასერიოზული იქნებოდა.
მაშ ასე, პარასკევს ქართველები შეეცდებიან, კარი გაიჯახუნონ და სამშობლოში თავაწეულები დაბრუნდნენ. ყოველ შემთხვევაში წინასამატჩო ინტერვიუებში სწორედ ამას უსვამდნენ ხაზს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ექს-კაპიტანი გიორგი ნემსაძე. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი კარიერის ბოლო მატჩს ატარებს, რომელიც მას 95-ე სანაკრებო კეპს მოუტანს.
შარიქაძეც და ნემსაძეც აცხადებენ, რომ ავსტრალიელებს თავს შეაკლავენ, რათა ერთი კვირის წინ ფიჯისთან განცდილი ფიასკო გადაფარონ და ამით მადლობა გადაუხადონ ქომაგებს, რომლებიც ასე გაწბილდნენ ხსენებული მარცხის გამო.
საქართველოს ნაკრებში საქმიანობას ასრულებს მისი დამრიგებელი მილტონ ჰეიგიც, რომელმაც გუნდი 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ჩაიბარა და მის ხელში ნაკრებს ბევრი აღზევებაც ქონდა და არანაკლები ჩავარდნაც. ტურნირის დასრულების შემდეგ ჰეიგი სამწვრთნელო კარიერას ერთერთ იაპონურ კლუბში გააგრძელებს, თუმცა ნაკრებში ბოლო მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება ქართველთა ახალზელანდიელი გურუსთვისაც ღირსების საქმეა.
ახლა შემადგენლობაზეც ვთქვათ. ფიჯის წინააღმდეგ სასტარტო 15-ეულში მყოფთაგან ავსტრალიასთან მხოლოდ ორი კაცი არ იქნება. 9 ნომრის პოზიციაზე მატჩს ვასილ ლობჟანიძის ნაცვლად მისი უფრო ახალგაზრდა კოლეგა გელა აფრასიძე დაიწყებს, ისევე როგორც შერკინების მესამე ხაზის მარცხენა ფლანკერად ბექა საღინაძე ითამაშებს, ვინც გიორგი თხილაიშვილს ჩაანაცვლებს. ვასკაც და კოკიც თამაშში მარქაფიდან ჩაერთვებიან.
სხვა მხრივ გუნდი იგივე მოთამაშებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც ფიჯის წინააღმდეგ არც თუ კარგად ითამაშეს. აქ სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ ეს არ ეხება მამუკა გორგოძეს, რომელიც სხვებზე უკეთ გამოიყურებოდა და აკი ლელოც მიითვალა. ავსტრალიასთან მატჩი 75-ე იქნება მის სანაკრებო კარიერაში.
მარქაფაშიც მინიმალური ცვლილებებია. ლობჟანიძისა და თხილაიშვილის ამბავი უკვე გითხარით და მათ გარდა სიახლეა ლევან ჩილაჩავას ნაცვლად ახალგაზრდა გიორგი მელიქიძის გამოჩენა, ხოლო სამარქაფო უკანახაზელის ადგილი მირიან მოდებაძის ნაცვლად მასზე გამოცდილმა თამაზ მჭედლიძემ დაიკავა.
რამდენად შეძლებენ ჩვენი ბიჭები ავსტრალიელებისთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას, ამას თამაში გვიჩვენებს.
ცნობისთვის, ეს იქნება ქართველების პირველი შეხვედრა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ „ვოლაბებთან“ და ამით ქართული რაგბი უშუალოდ გაეცნობა ტიერ 1-ის ბოლო, მე-10 წარმომადგენელს.
საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან
- მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე, 9. გელა აფრასიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. გიორგი კვესელაძე, 15. იოსებ მათიაშვილი.
მარქაფა
- ჯაბა ბრეგვაძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. ოთარ გიორგაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვასილ ლობჟანიძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.